მთავარი ქალაქებიგდანსკი როგორ შენდება ახალი გდანსკი

როგორ შენდება ახალი გდანსკი

by კახა მჭედლიძე
0 კომენტარი
ახალი გდანსკი

მეორე მსოფლიო ომის შედეგად განადგურებული გდანსკის აღდგენა-მშენებლობა დღემდე გრძელდება. ამ პოსტში განვიხილავ თუ როგორ შენდება ახალი გდანსკი.

 

აღდგენა-მშენებლობა

ეს სიტყვები ზუსტად ახასიათებს იმ პროცესს რაც ახლა გდანსკში ხდება. იქ, აღდგენილი ძველი შენობების გვერდით მდგარი, ომისგან მიწასთან გასწორებული ნაგებობების ნაცვლად ახლის მშენებლობა მიმდინარეობს. თუ ჩვენთან კორპუსების ჩადგმის მეტი ვერაფერი მოიფიქრეს, გდანსკში და ზოგადად პოლონეთში სხვა გზა აირჩიეს. საინტერესო სწორედ ის არის თუ როგორ ხერხდება ძველის და ახალის შერწყმა-შეთავსება.

ახალი გდანსკი

ამ ფოტოზე თითქოს განსაკუთრებული არაფერია, მაგრამ თუ დააკვირდებით მიხვდებით, რომ ის რისი გადარჩენაც შეიძლებოდა, რესტავრირებულია, მაგალითად მარცხნიდან პირველი შენობა. მის ფასადზე ადვილად შესამჩნევია ძველი, ომის ხანძრისგან გაშავებული აგური და ის ადგილებიც, რომელიც შევსებულია ახალი აგურით. შემდეგ, უკვე ახლახანს აგებულ შენობას ვხედავთ, რომელიც ასევე ტრადიციულ სტილშია გადაწყვეტილი, თუმცა სრულიად ახალია. და მესამე ყვითელი ნაგებობა, პირველის არქიტექტურას წააგავს, მაგრამ უბრალოდ ძველის რეპლიკაა. ის უფრო ამრავალფეროვნებს სტილს, რომელიც გდანსკის ამ საპორტო ნაწილს ახასიათებს.

ეს არის გდანსკის ყველაზე ისტორიული ნაწილი, ძველი პორტი და მისი განუყოფელი ატრიბუტი – მე-14 საუკუნეში აგებული ამწე, სახელწოდებით “ჟურავი”. ის ისევე, როგორც თითქმის მთელი გდანსკი მეორე მსოფლიო ომის დასასრულს დაიწვა და დაინგრა. ის პოლონელმა რესტავრატორებმა აგურ-აგურ აღადგინეს. მაგრამ მის გვერდით ბომბებისგან მიწასთან გასწორებული შენობების რეპლიკის აგებას ამჯობინეს თანამედროვე დიზაინისა და არქიტექტურისთვის მიემართათ. შედეგად, ახალი შუშის და მეტალის კონსტრუქციები ბუნებრივად ჩაეწერა ძველი გდანსკის ისტორიულ ქსოვილში. ამავე პრინციპით მიმდინარეობს ახალი გდანსკის მშენებლობაც.

 

ახალი გდანსკი

ახალი გდანსკის მშენებლობა, დანგრეული ძველის ადგილზე მიმდინარეობს, გრანარის კუნძულზე, იქ სადაც ომამდე საპორტო-სამრეწველო შენობები იყო. შესაბამისად დიზაინი და არქიტექტურა ეფუძნება ძველ სტილსა და ხაზს უსვამს მის საპორტო მნიშვნელობას. ამ ყველაფრის შემხედვარე მწარედ მახსენდება ის რაც თბილისის გულში ხდება, არაპროპორციული და შეუფერებელი შენობები, პანორამა თბილისი და მსგავსი პროექტები 🙁

New Gdansk

ეს ახლა ყველაზე პრესტიჟულ საყოფაცხოვრებო სივრცედ ყალიბდება. მშენებლობა ბოლო ეტაპზეა და ზოგიერთი შენობა უკვე ექსპლოატაციაშია, მაგალითად სასტუმრო Radisson Hotel & Suites Gdansk, მისი დაჯავშნის მსურველებმა გაითვალისწინეთ, რომ ნომრის ფასი იწყება 210 ლარიდან – დაჯავშნა

პორტის ჯებირის გასწვრივ გაშენებული ეს კვარტალი იმდენად მიმზიდველი და საინტერესოა, რომ არატურისტულ სეზონზეც კი სავსეა მისი კაფე-რესტორნები თუ სასტუმროები. ახალი გახსნილია სანაპიროც, რომელიც, როგორც ეს ძველ საპორტო ქალაქს შეეფერება, მთლიანად ხის მასალით არის მოპირკეთებული, თანაც მაღალხარისხიანი, გამძლე ხით, ისეთით, როგორითაც ადრე გემები შენდებოდა.

სანაპიროს საპორტო მნიშვნელობაც არ დაუკარგავს, აქ ახლაც შესაძლებელია იახტის ან საშუალო გემის პარკირება, რისთვისაც მოწყობილია სპეციალური სამაგრები.

კვარტალი “გრანარია” განლაგებულია ნახევარკუნძულზე, შესაბამისად უკანა მხრიდანაც გარშემორტყმულია წყლით და იახტები პარკინგით.

 

თანამედროვე გდანსკი

დაუმთავრებელი მშენებლობიდან გადავინაცვლოთ იქ სადაც უკვე ყველაფერი დასრულებულია.

შორს წასვლა არ არის საჭირო. ახალი კვარტლის მახლობლად ასაწევი საფეხმავლო ხიდია, რომელც უკვე ექსპლოატაციაში შესულ თანამედროვე კვარტალთან მიგიყვანთ.

ასაწევი ხიდი

მარცხენა მხარეს, სართულიანობით და მაშტაბით ნაკლებად შესამჩნევი შენობა, თანამედროვე გდანსკის საუკეთესო ნიმუშია.

ძველი გემთსაშენის ადგილზე აგებული შენობები, ნავსადგურში შემოსულ დიდი გემის შთაბეჭდილებას ტოვებს.

Stara Stocznia

თანამედროვე ევროპული არქიტექტურა, ამ შემთხვევაში პოლონური, საინტერესო და მიმზიდველი იმით არის, რომ აქ ყველაფერი ფუნქციონალურია და დეტალები სტილიზებული.

ამგვარი პროექტი საერთო ჯამში ვიზუალურ ჰარმონიას ქმნის, კომფორტულია და სასიამოვნო.

ახალი მშენებლობის თანამედროვეობის შესამოწმებლად ერთი მცირე ტესტი მაქვს – ის თუ როგორ არის მოწყობილი ტროტუარი და საერთო სივრცის წყალშემკრები სისტემა.

ძველი გემთმშენებლის კვარტალში აი ასეთი ფოტო გადავიღე.

პოლონური ტროტუარი

აქ უამრავი კაფე-რესტორანი და მაღაზიაა, რაც კიდევ უფრო აცოცხლებს სივრცეს და მიზიდულობის ძალას ქმნის.

სტარა სტოჩნია

თუ გდანსკში მოგზაურობას გადაწყვეტთ გირჩევთ ამ კვარტალში დაბინავებას. ძველი გემთმშენებლის უბანში რამდენიმე აპარტამენტი საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად ქირავდება Airbnb-ის მეშვეობით. თუ Airbnb-ზე ამ გვერდიდან დარეგისტრირდებით, პირველ ჯავშანზე 41 ევროს ფასდაკლებას მიიღებთ.

დაახლოებით 40-45 ევროს ფარგლებშია ამ შენობებში არსებულ აპარტამენტები, რომლებიც 4 ტურისტზეა გათვლილი.

 

 

რეკომენდაციები:

  • იაფი ავიაბილეთების საძიებელი საუკეთესო საშუალება: kiwi.com
  • დაგვიანებული, გადადებული ან გაუქმებული ავიარეისების კომპენსაცია: Air Help
  • თუ სასტუმროებს დაეძებთ, მაშინ ეწვიეთ სასტუმროების ფასების საძიებო და შესადარებელ სისტემას: hotelscombined.com
  • მუზეუმების ბილეთების საიტი: Tiqets
  • 10 ევროს ფასდაკლება მატარებლებისა და ავტობუსების ბილეთებზე: Omio
  • მოგზაურობის შესახებ დეტალური ინფორმაცია: მოგზაურთა ჯგუფი

სხვა მასალები