მთავარი მოგზაურობა როგორ ვიმოგზაუროთ ევროპაში ყველაზე იაფად

როგორ ვიმოგზაუროთ ევროპაში ყველაზე იაფად

by მე მოგზაური
0 კომენტარი
ევროპაში ყველაზე იაფად

საიდუმლო აღარ არის, რომ ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან ევროპისკენ მიმართულებით მგზავრობა საკმაოდ იაფია. 

ამის საშუალებას ავიაკომპანია Wizz Air იძლევა, რომლის ავიაბილეთები ხშირად 25-100 ლარი ღირს. იაფი ფრენა შესაძლებელია თბილისის აეროპორტიდანაც ავიაკომპანია „პეგასუსის“ და ბიუჯეტური Ryanair-ის მეშვეობით. ამ შესაძლებლობების მიუხედავად, ევროპაში დაბალბიუჯეტიან მოგზაურობას მაინც აქვს რამდენიმე საიდუმლო, რომელთა გაუთვალისწინებლად იაფი ავიაბილეთების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ სარეკლამო განცხადებად მოგეჩვენებათ.

უნდობლობა

ჯერ კიდევ ბევრს არ სჯერა 25 ლარად საქართველოდან ევროპაში მგზავრობის რეალურობა. სკეპტიკოსების უმრავლესობა დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების შეთავაზებაში სარეკლამო ხრიკებს ხედავენ და ეჭვობენ, რომ დაბალი ფასი მხოლოდ 1-2 ბილეთს აქვს, ან უკან დასაბრუნებელი ბილეთია ძვირი, ან ბარგისა და საკვების დამატების შემდეგ დაბალბიუჯეტიანი ავიაბილეთის ფასი სტანდარტულს უტოლდება ან აღემატება კიდეც. გავრცელებულია ასევე მოსაზრება, რომ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები მოძველებულ თვითმფრინავებს იყენებენ, რაც უსაფრთხოების რისკების შემცველია, იუმორის მქონენი კი გაზზე გადაყვანილ თვითმფრინავებზე ხუმრობენ.

როგორ ვიმოგზაუროთ ევროპაში ყველაზე იაფად - მე მოგზაური

24,99 ლარის ღირებულების ავიაბილეთები: ქუთაისი-ლარნაკა და ლარნაკა-ქუთაისი. ამ დროს კვიპროსში თბილი ამინდია და სანახავიც უამრავია.

 

როგორ უნდა შეიძინოთ დაბალფასიანი ბილეთები – რამდენიმე პრინციპი

  • ხშირად, თითქმის ყოველდღე, შეამოწმეთ ბიუჯეტური ავიაკომპანიების ვებსაიტები და ეძებეთ ყველაზე დაბალფასიანი დღეები, ან კიდევ გაწევრიანდით სოციალურ ქსელებში სპეციალიზებულ ჯგუფებში, სადაც რეგულარულად ქვეყნდება ინფორმაცია დაბალფასიანი ბილეთების შესახებ. როგორც კი 25-დან 100 ლარამდე ღირებულების ბილეთი გამოჩნდება, შეიძინეთ, თუნდაც ის მხოლოდ ერთი მიმართულების იყოს.
  • უკან დასაბრუნებელ ბილეთს რაც შეეხება, აუცილებელი არ არის უკან ზუსტად იმავე აეროპორტიდან დაბრუნდეთ. მაგალითად, თუ პრაღაში იაფად ჩაფრინდით, უკან შეიძლება ასევე იაფი ბილეთით დაბრუნდეთ ვროცლავიდან და, რაც მთავარია, შეიძინეთ არა კონკრეტულ თარიღებზე მორგებული, არამედ ყველაზე იაფი ბილეთები და შემდეგ მის თარიღებს მოარგეთ თქვენი შვებულება თუ არდადეგები.
  • ზურგჩანთა შეარჩიეთ ისე, რომ არ გადააჭარბოს უფასო ბარგის ზომებს, რომელიც მითითებულია ავიაკომპანიის ვებსაიტზე.
  • ბილეთის შეძენისას არ დაამატოთ არც ერთი ფასიანი სერვისი, თუ ის არ გჭირდებათ – მაგალითად, პრიორიტეტული ჩასხდომა, დიდი ჩასაბარებელი ბარგი ან რაიმე სხვა მომსახურება.
  • ბილეთის შეძენისას არ აირჩიოთ სავარძლის ნომერი და რეგისტრაცია გაიარეთ გაფრენამდე 2 დღით ადრე, სისტემა ავტომატურად მოგანიჭებთ უფასო ადგილს. აუცილებლად ამობეჭდეთ რეგისტრირებაგავლილი (დაჩეკინებული) ბილეთები.
როგორ ვიმოგზაუროთ ევროპაში ყველაზე იაფად - მე მოგზაური

ვროცლავის ხედი წმ. მარიამ მაგდალინელის ტაძრის კოშკიდან. 24 დეკემბერი, 2018 წ.

 

სასტუმრო, ჰოსტელი თუ აპარტამენტი?

ევროპაში ბიუჯეტური მოგზაურობისთვის იაფი ავიამგზავრობის გარდა, საჭიროა ასევე იაფი საცხოვრებლის მოძიება. სასტუმრო ყველაზე ძვირი სიამოვნებაა და მცირებიუჯეტიანი მოგზაურისთვის, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, მიუღებელია, მით უმეტეს, თუ მეგობრებთან ერთად 4-5-კაციან კამპანიაში მოგზაურობთ. ასეთ შემთხვევაში ჰოსტელს ამჯობინებენ ხოლმე, სადაც მთელი ჯგუფი შეიძლება ერთ საძინებელში მოთავსდეს, მაგრამ მე მაინც გირჩევთ შეამოწმოთ აპარტამენტების, ბინების დღიურად გაქირავების საიტები, მაგალითად, Airbnb, რომელზეც ნაპოვნ კომფორტულ ბინასა ან ოთახში 4-5 კაცის დაბინავება შეიძლება ჰოსტელზე იაფიც კი დაგიჯდეთ. ოჯახით მოგზაურობის დროს ეს თითქმის უალტერნატივო ვარიანტია. ხარჯების შემცირებაში დაგეხმარებათ ისიც, რომ Airbnb 40 ევროს ფასდაკლებას ანიჭებს პირველად დარეგისტრირებულ მომხმარებელს.

როგორ ვიმოგზაუროთ ევროპაში ყველაზე იაფად - მე მოგზაური

Airbnb-ის 4-ადგილიანი აპარტამენტი ბუდაპეშტში

​რადგან ძირითად ხარჯს სწორედ დაბინავების პუნქტი შეადგენს, ამიტომ სამოგზაუროდ აირჩიეთ დაბალი სეზონის პერიოდი, მაგალითად, ბუდაპეშტს არა შობა-ახალი წლის დღეებში ესტუმრეთ, არამედ მომდევნო რიცხვებში. ასეთ შემთხვევაში თქვენ თავისუფლად იპოვით აპარტამენტებს ქალაქის ცენტრში 30-35 ევროდ. ოთხდღიანი მოგზაურობის შემთხვევაში ბინის საფასური 120 ევროს ფარგლებში იქნება და თუ ამას ფასდაკლების 40 ევროს გამოვაკლებთ, ბუდაპეშტში სრულიად აღჭურვილ ბინაში ცხოვრება მხოლოდ 80 ევრო, ანუ, დაახლოებით, 245 ლარი დაგიჯდებათ.

არის კიდევ მოგზაურობისას უფასოდ დაბინავების საშუალება, ე.წ. ქაუჩსერფინგი, როდესაც მასპინძელი თანახმაა უფასოდ მიიღოს სპეციალურ ვებსაიტზე მის მიერ შერჩეული სტუმარი. მაგრამ აქ ძირითადად მარტო ან წყვილ მოგზაურებს უმართლებთ და თან მაპინძელთან საერთო ენის გამონახვაც არ არის იოლი საქმე.

კვება

მოგზაურობისას აპარტამენტის დაქირავება იმ თვალსაზრისითაც არის ხელსაყრელი, რომ თქვენს განკარგულებაში იქნება სამზარეულო, სადაც მარტივად მოამზადებთ ახლომდებარე სუპერმარკეტში იაფად შეძენილ პროდუქტებს. რაც შეეხება ადგილობრივ სამზარეულოსა და რესტორნებს, ნაკლებად ენდეთ ცნობილ ვებსაიტებს, რომლებზეც მაღალი რეიტინგი მხოლოდ იმ რესტორნებსა და კაფეებს აქვთ, სადაც ყველაზე მეტი ტურისტი დადის. ისინი სიძვირითაც გამოირჩევიან და ხარისხიც მოიკოჭლებს. ეძებეთ ისეთი რესტორნები და კაფე-ბარები, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა დადის. მათ შესახებ სწორედ ადგილობრივებისგან შეიტყობთ. ამაშიც Airbnb-ის აპარტამენტის მფლობელი (ჰოსტი) დაგეხმარებთ.

როგორ ვიმოგზაუროთ ევროპაში ყველაზე იაფად - მე მოგზაური

იაფი რესტორანი კრაკოვში

პოლონეთის ქალაქებთან დაკავშირებით, შემიძლია გირჩიოთ სასადილოები, რომლებსაც დაბალი ფასები აქვთ სახელმწიფო სუბსიდიის გამო. კრაკოვში ასეთ რესტორანს „რძის ბარი“ ჰქვია და იერით საბჭოთა სასადილოს მოგაგონებთ. კერძები კი სიიაფის მიუხედავად უახლესი პროდუქტებისგანაა დამზადებული და ძალიან გემრიელია. სწორედ ამიტომ იქ თითქმის ყოველთვის გრძელი რიგი დგას.

მსგავსი სასადილოს ტიპის რესტორანი „ჩეხური სამზარეულო“ ვიპოვე პრაღაშიც, სადაც ნაციონალური კერძები და სტანდარტული რესტორნებისგან თითქმის ორჯერ ნაკლები ფასებია.

ტრანსპორტი

აეროპორტიდან ქალაქში და თავად ქალაქში გადაადგილებისთვის გამოიყენეთ მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ეს ყველაზე იაფია. ბიუჯეტური მოგზაურობისას ერიდეთ ტაქსებს, რადგან თქვენი საფულე მოულოდნელად ძალიან მალე დაცარიელდება. თუ აუცილებლობას წარმოადგენს, ისარგებლეთ „უბერით“, რომელიც პირველად მგზავრობისას 5-10 ევროს ბონუსით დაგასაჩუქრებთ. მაგალითად, ათენში ჩემი აპარტამენტიდან აეროპორტის ავტობუსამდე შუაღამით მისასვლელად უბერის ტაქსის ღირებულება 6 ევროს შეადგენდა, ბონუსის გამოყენების შემდეგ კი მთელმა ოჯახმა უფასოდ ვიმგზავრეთ, მაშინ როდესაც ქუჩაში გაჩერებული ტრადიციული ტაქსი 10-12 ევროს გვთხოვდა.

ზოგიერთ ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მრავალჯერადი ბილეთი იმითაც არის გამორჩეული, რომ მისი მეშვეობით შეგიძლიათ შეუზღუდავი რაოდენობით იმგზავროთ – მაგალითად, ტრამვაით ათენის ულამაზეს სანაპიროზე, ბუდაპეშტის ისტორიულ მეტროში, რომელიც პირველია ევროპის კონტინენტალურ ნაწილში, და ასევე გაისეირნოთ გემით დუნაიზე.

ევროპაში ქალაქებს შორის გადაადგილებისთვის ბიუჯეტური მოგზაურობისას ყველაზე ხელსაყრელია ახალი და კომფორტული ავტობუსებით მგზავრობა. ამჟამად თითქმის ყველაზე იაფია ავტობუსების კომპანია „ფლიქსბასი“, რომლის ქსელი ობობასავით მოედო მთელ ევროპას. „ფლიქსბასი“ დადის მცირე თუ საშუალო ქალაქში,ერთმანეთთან აკავშირებს ეროპორტებსა და ცნობილ ტურისტულ ადგილებს. მიუხედავად იმისა, რომ „ფლიქსბასის“ ბილეთების ფასი 2 ევროდან 20 ევრომდე მერყეობს, აქაც შეგიძლიათ ეკონომიის გაკეთება ან სულაც უფასოდ მგზავრობა „ფლიქსბასისვე“ ვაუჩერების გამოყენებით. სოციალურ ქსელებში იპოვით გვერდებს, სადაც ამ კომპანიის ვაუჩერებს აქვეყნებენ. არის 10-პროცენტიანი ან კიდევ 3-ევროიანი ფასდაკლების ვაუჩერები.

მე, მაგალითად, ვროცლავიდან კრაკოვში მგზავრობა უფასოდ შევძელი – ბილეთი 2,5 ევრო ღირდა, ხოლო 3-ევროიანმა ვაუჩერმა ბილეთის ღირებულება ნულს გაუტოლა.

როგორ ვიმოგზაუროთ ევროპაში ყველაზე იაფად - მე მოგზაური

“ფლიქსბასის” ბილეთი

ევროპის შიგნით გადაადგილებისთვის ასევე ბიუჯეტური და კარგი ვარიანტია ავიაკომპანია Ryanair, რომელიც ბიუჯეტური ავიაკომპანიების ფუძემდებლად ითვლება. თუ ამ ავიაკომპანიის საიტსაც ხშირად შეამოწმებთ, აღმოაჩენთ, რომ, მაგალითად, პრაღა-ბუდაპეშტის ავიაბილეთი უფრო იაფი ღირს, ვიდრე „ფლიქსბასისა“. მაშინ როდესაც ავტობუსით მგზავრობა 7 საათზე მეტხანს გრძელდება და 15-20 ევრო ღირს, Ryanair პრაღიდან ბუდაპეშტში 1,5 საათში 13 ევროდ ჩაგიყვანთ.

ბიუჯეტურ ავია თუ საავტობუსო კომპანიებს ხშირად საყვედურობენ დაბალი ხარისხის სერვისსა და არაპუნქტუალობას, ამიტომ სასურველია მოგზაურობის დაგეგმვისას გაითვალისწინოთ ყველა ნიუანსი – მაგალითად, თვითმფრინავის დაგვიანების ალბათობა, რიგები აეროპორტში – და მარშრუტი ისე დაგეგმოთ, რომ მომდევნო ტრანსპორტზე გადაჯდომა მოასწროთ. თუმცა კი ამ ბოლო დროს ავიარეისების გადადება ან დაგვიანება ბევრი გამოცდილი მოგზაურისთვის სანატრელიც კი გახდა, რადგან ევროკავშირის კანონმდებლობით კომპენსაცია 400-600 ევროს შეადგენს.

როგორ ვიმოგზაუროთ ევროპაში ყველაზე იაფად - მე მოგზაური

არის კიდევ ბევრი ნიუანსი, რომლის ერთ მასალაში აღწერა შორს წაგვიყვანს ან კიდევ ჩემთვის არ არის ცნობილი, ამიტომ ერთმანეთის გამოცდილების გაზიარება შეგვიძლია კომენტარებში გავაგრძელოთ.

წყარო: radiotavisupleba.ge

 

რეკომენდაციები:

  • დაბალფასიანი საცხოვრებელი შეგიძლიათ დაჯავშნით Airbnb-ზე. თუ ამ გვერდიდან დარეგისტრირდებით 44 ევროს ფასდაკლებას მიიღებთ.
  • თუ სასტუმროებს დაეძებთ, მაშინ ეწვიეთ სასტუმროების ფასების საძიებო და შესადარებელ სისტემას: hotelscombined.com
  • 10 ევროს ფასდაკლება მატარებლის, ავტობუსებისა და თვითმფრინავების ბილეთებზე: Omio
  • მუზეუმების ბილეთების საიტი: Tiqets
  • დაგვიანებული, გადადებული ან გაუქმებული ავიარეისების კომპენსაცია: compensair.com
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
0 კომენტარი
0

სხვა მასალები

კომენტარები