საშობაოდ პრაღაში ბევრგან ეწყობა თევზის სახელდახელო ბაზრობები, სადაც ცოცხალ (პირდაპირი გაგებით), უზარმაზარ კობრებს ჰყიდიან. კორლოგრამი 80 მდე კრონი, ანუ დაახლოებით 4,5 დოლარი ღირს. თუ დამატებით 40 კრონსაც გადაიხდით იქვე გამოშიგნავენ და გაასუფთავებენ ლაყუჩების, ქერცლისა და სხვა უვარგისი ნაწილებისგან, რისთვისაც მარჯვე „პრაღელი მეთევზეები“ გამოიყენებენ წმინდა ინკვიზიციის შემდეგ უსარგებლოდ დარჩენილ ხელსაწყოებს: მარწუხებს, დანებსა და ათასგვარ კაუჭებს. ცოცხალი თევზის დამუშავება (ჯერ მოკვლა და მერე მისი დანაწევრება) არაა მსუბუქი სანახაობა. საშობაო სუფრაზე თევზის (ქრისტეს სიმბოლური სახის) მისატანად ჩეხებს ბევრი სისხლის, ლორწოს, ხროტინისა და სპეციფიკური სუნის ატანა უწევთ.
თევზი – სიუხვის უძველესი სიმბოლო და ქრისტიანობის ეზოთერული ფორმულა. როდესაც დევნილ ქრისტიანებს ხალხმრავალ ადგილებში სურდათ ერთმანეთისათვის მიენიშნებინათ, რომ ისინი ქრისტიანები იყვნენ, ამისთვის თევზს დახატავდნენ ხოლმე. ბერძნული სიტყვა ΙΧΘΥΣ- იხთის (თევზი), რომელიც ხუთი ასოსაგან შედგება, წარმოადგენს შემდეგი ფრაზის აბრევიატურას „’Ιησόυς Χριστός Θεού ‘Υιός Σοτήρ“( „იისუს ხრისტოს თეოს იმონ სოტირ“). რაც ნიშნავს „იესო ქრისტე, ძე ღვთისა, მაცხოვარი“.
ავტორი: ჯიმშერ რეხვიაშვილი