მთავარი ქალაქებიმიუნხენი მიუნხენის ჰოფბრაუჰაუსი – HB და მისი ლუდის ძალა

მიუნხენის ჰოფბრაუჰაუსი – HB და მისი ლუდის ძალა

by კახა მჭედლიძე
0 კომენტარი
მიუნხენის ჰოფბრაუჰაუსი

მიუნხენის ჰოფბრაუჰაუსი Covid-19-ის პრობლემების გამო შემცირებული ტურიზმის პირობებშიც არ უჩივის ლუდის მოყვარულთა სიმცირეს.

რესტორანი და ლუდსახარში ჰოფბრაუჰაუსი კორონავირუსის პანდემიამდე მიუნხენში ჩასული ტურისტებისთვის ერთ-ერთი მთავარი სანახაობა იყო, ერთგვარ ტურისტულ ატრაქციონად იქცა. მაგრამ, მისი მონახულება მიუნხენში, Lufthansa-ს რეისებს შორის არსებული რამდენიმესაათიანი შუალედის დროს, მაინც გადავწყვიტე იქაური ლუდის დასაგემოვნებლად.

ჰოფბრაუჰაუსი

ტურისტებს, ერთლიტრიან კათხებში ჩამოსხმული HB-ის ლუდის გარდა, ჰოფბრაუჰაუსში დაცული ტრადიციებიც იზიდავს. ეროვნულ ტანისამოსში გამოწყობილი მომსახურე პერსონალი, მოხატული დარბაზები, ტრადიციული მუსიკოსები და ბავარიული კერძები ტურისტული ინტერესის მთავარი მიზეზია.

ჰოფბრაუჰაუსი

ჰოფბრაუჰაუსის ლუდი არამარტო ტურისტების დიდ რაოდენობას იზიდავდა. 1607 წელს ბავარიელი ჰერცოგების სამეფო კარზე გახსნილი ეს ლუდსახარში 1828 წელს ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა და ბევრ ცნობილ ადამიანს უმასპინძლა. მათ შორის იყვნენ ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი, ლენინი ცოლთან, ნადეჟდა კრუპსკაიასთან ერთად და ადოლფ ჰიტლერიც კი.

კრუპსკაიას ძალიან მოსწონებია ჰერცოგების კარის ლუდსახარშის ლუდი, ისე, რომ დაუწერია, “საუკეთესო ლუდმა კლასობრივი განსხვავებები წაშალაო”.

გამორჩეულმა ლუდმა მიიყვანა ჰოფბრაუჰაუსში ადოლფ ჰიტლერი, თუ გამორჩეული ლუდის გამო შეკრებილი ელიტის დაუფლების სურვილმა ძნელი სათქმელია, მაგრამ ფაქტია, სწორედ ლუდის რესტორნის დარბაზები იქცა ნაცისტური პარტიის დაფუძნების მოწმე.

ჰოფბრაუჰაუსის ლუდის დარბაზი

1920 წლის 24 თებერვალს ჰოფბრაუჰაუსში ჩატარდა “გერმანიის მუშათა პარტიის” 2000 კაციანი ყრილობა, რომელსაც ჰიტლერმა პარტიის სახელწოდების შეცვლა შესთავაზა. ამ დღიდან პარტიას ეწოდა “ნაციონალ-სოციალისტური გერმანიის მუშათა პარტია”.

1933 წლიდან, მას შემდეგ რაც ნაცისტები ხელისუფლებაში მოვიდნენ, 11 წლის მანძილზე, ყოველწლიურად სწორედ ჰოფბრაუჰაუსში ტარდებოდა ნაცისტური პარტიის ყრილობები.

მეორე მსოფლიო ომის დასასრულისკენ, როდესაც აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის საჰაერო ძალებმა მიუნხენის დაბომბვა დაიწყეს, ჰოფბრაუჰაუსი მთლიანად დაინგრა. დაბომბვას გადაურჩა ლუდის რესტორნის პირველი სართულის მცირე ნაწილი და ლუდის სარდაფი, სადაც ინახებოდა უნიკალური ძველი ლუდის კათხები. ჰოფბრაუჰაუსის შენობა მთლიანად აღადგინეს 1958 წელს.

ლუდის კათხების სეიფი

ასეთ საცავში ინახება ჰოფბრაუჰაუსის ლუდის ერთგული მომხმარებლების კათხები, თითოეულ თაროს ბოქლომი ადევს, რომლის გასაღებიც მის მფლობელთან ინახება.

ჰოფბრაუჰაუსი თავისი მრავალფეროვანი ისტორიის გარდა ცნობილია ლუდის ბაღით, სადაც თავისუფალი ადგილის პოვნა ახლაც კი გამიჭირდა, იმ დროს როდესაც უცხოელი ტურისტები თითქმის აღარ სტუმრობენ მიუნხენის ამ ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშანობას.

ჰოფბრაუჰაუსის ლუდის ბაღი

ვინანე, რომ ახალი ნასადილევი შევედი ჰოფბრაუჰაუსში, მაგრამ ლუდი მაინც დავაგემოვნე, Münchner Weisse შევუკვეთე – ხორბლის ლუდი. 1 კათხა 4,80 ევრო ღირს, მშვენიერი იყო. ქვედა ფოტოებზე გამოსახულია ჩემი ლუდი და რესტორნის მენიუ.

ლუდზე მეტად გარემო მომეწონა, 1 ლიტრიანი კათხით ხელში რიგითი ბავარიელები, ზოგიერთი ტრადიციულ სამოსში გამოწყობილი, მათ შორის ქალებიც ქართველ მოქეფეებზე მეტად ხმაურობდნენ და თვრებოდნენ. ჩვეულებრივი სამუშაო დღე იყო, ჯერ საღამოც არ დამდგარიყო, წარმომიდგენია საღამოს რა ჟრიამული და სმა-ჭამა იქნება.

მოკლედ, დიდი ისტორიის მქონე ჰოფბრაუჰაუსი და ცნობილი ლუდი HB ნამდვილად კარგი ტურისტული სანახაობაა მიუნხენში.  ეს რომ ასეა მის ირგვლივ გახსნილი სუვენირების მაღაზიებიც მოწმობს, რომელთა ვიტრინები სავსეა ლუდის ძველმოდური კათხებით და სხვა ატრიბუტიკით.

ჰოფბრაუჰაუსი

იმედია, მალე გაიხსნება საზღვრები, ტურიზმი თანდათან აღდგება და კარგი ლუდის მოყვარულებს საშუალება მიეცემა, ქუთაისიდან, ავიაკომპანია Wizz Air-ის იაფი ბილეთებით მიუნხენს და ჰოფბრაუჰაუსს ესტუმროს. მიუნხენის ლუდხანებში ლუდის ტურის იაფი ბილეთები შეიძინეთ აქ.

 

რეკომენდაციები:

  • კორონავირუსის გავრცელების გამო გაუქმებული ავიაბილეთების კომპენსაცია: compensair.com
  • ეპიდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების პირობებში მოგზაურობის შესახებ დეტალური ინფორმაცია: მოგზაურთა ჯგუფი
  • 10 ევროს ფასდაკლება თვითმფრინავების, მატარებლისა და ავტობუსების ბილეთებზე: Omio
  • დაბალფასიანი საცხოვრებელი შეგიძლიათ დაჯავშნით Airbnb-ზე. თუ ამ გვერდიდან დარეგისტრირდებით 40 ევროს ფასდაკლებას მიიღებთ.

 

  • 236
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
0 კომენტარი
0

სხვა მასალები

კომენტარები