მთავარი ქალაქებიკავალა კავალა – ზამთრის შვებულების თბილად გასატარებლად

კავალა – ზამთრის შვებულების თბილად გასატარებლად

by Kakha Mchedlidze
0 კომენტარი

კავალა გეგმაში არ მქონდა, მაგრამ ავიაკომპანიის რეისების ცვლილების გამო სალონიკის ნაცვლად კავალაში აღმოვჩნდი. 2017 წლის ოქტომბრის თვეში სალონიკში გასეირნების შემდეგ გადავწყვიტე ზამთრის შვებულების ნაწილი ისევ იქ გამეტარებინა, მაგრამ “ვიზეარმა” სალონიკის რეისები რამდენიმე თვით კავალას აეროპორტში გადაიტანა. დეკემბერ-იანვარში გაფრენის თარიღის მოახლოებამდე გამუდმებით თვალს ვადევნებდი ფორუმებს, მაგრამ არავინ წერდა კავალაში მოგზაურობაზე. კავალას აეროპორტს თითქმის ყველა მგზავრი სხვა მიმართულებით გასამგზავრებლად იყენებდა.

მე კი კავალას აეროპორტიდან სალონიკში მგზავრობის პერსპექტივა არ მხიბლავდა, სატრანსპორტო დანახარჯების გამო. ავიაბილეთში 10 ევრო გადავიხადე და სალონიკამდე კი ავტობუსში ორივე გზაზე ოთხ ადამიანზე (ოჯახის წევრებზე) 200 ევროს გადახდა მიწევდა. მოკლედ კავალაში დარჩენა გადავწყვიტეთ.

კავალა – ეს პოსტი გამოადგება მათ ვინც ამ ქალაქში გასეირნებას ან დასვენებას გადაწყვეტს

კავალას პირველად თვალი გუგლის რუკის მეშვეობით შევავლე და ძალიან მომეწონა, შემდეგ ინფორმაცია მოვიძიე და საბოლოოდ დავრწმუნდი გადაწყვეტილების სისწორეში.

მაგრამ, ბიუჯეტურ მოგზაურობას ხელს უშლიდა ის ფაქტი, რომ აეროპორტიდან ქალაქამდე ტრანსპორტი მაინც იმაზე მეტ დანახარჯებს უკავშირდებოდა, ვიდრე სალონიკის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე საქალაქო ავტობუსით მგზავრობა ღირს.

კავალა

კავალას აეროპორტში ქალაქიდან ავტობუსი ძირითადად დღეში ერთხელ მოძრაობს, დილის 10-ზე გადის კავალას ცენტრიდან და 11 საათზე აეროპორტიდან ქალაქის მიმართულებით, ბილეთის ღირებულება კი 5 ევროს შეადგენს. ვიზეარის თვითმფრინავი კავალაში დილის 7 საათამდე ჩავიდა და 3 საათი აეროპორტის ტერმინალში ლოდინი სადაც თავშესაქცევი არაფერია, ნამდვილად არ არის კარგი პერსპექტივა. ირგვლივ კიდევ ტრიალი მინდორია.

ხშირად ვამტკიცებ Airbnb-ის აპარტამენტების უპირატესობას სასტუმროებთან შედარებით. მისი ერთ-ერთი უპირატესობა ის არის, რომ მასპინძელი ცდილობს იმაზე იაფად დაგხვდეთ აეროპორტში ვიდრე ტაქსი ღირს. ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა, თუ ტაქსები 40 ევროს ითხოვდნენ ჩვენი აპარტამენტის მასპინძელმა-ჰოსტმა, აპოსტოლოსმა აეროპორტიდან ტრანსფერი 30 ევროდ შემოგვთავაზა.

კიდევ ერთი პლუსი ის იყო, რომ მასპინძელმა დილის 7:30-ზე პირდაპირ აპარტამენტში დაგვაბინავა, მაშინ, როდესაც ოფიციალურად ჩეკინის დრო 14:00-ზეა. მისი ეს ნაბიჯი დაუფასებელი არ დავტოვე და 22 ლარიანი ქართული ღვინო ვაჩუქე, ძალიან ესიამოვნა 🙂

კავალა

მთავარი კი ის არის, რომ Airbnb საშუალებას გაძლევთ თავი იგრძნოთ მოცემული ქალქის მაცხოვრებლად და არა სტუმრად, რაც მოგზაურობას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.

აქვე ცოტაოდენი ჩემს მიერ დაქირავებული აპარტამენტის შესახებ:

აპოსტოლოსის აპარტამენტი Kamares მდებარეობს ძველ ქალაქში, მეთოთხმეტე საუკუნის აკვადუკის “კამარეს” (რაც თაღებს ნიშნავს) მახლობლად. აქვეა კავალას ციხესიმაგრეც და ულამაზესი ძველი ქუჩები. მათ შესახებ ცოტა მოგვიანებით.

თუ კავალაში ამ ან სხვა აპარტამენტის დაჯავშნას გადაწყვეტთ და Airbnb-ის საიტზე შემდეგი ბმულიდან დარეგისტრირდით, თქვენ მიიღებთ 38 ევროს ფასდაკლებას: www.airbnb.ie/c/ninok252

აპოსტოლოსის აპარტამენტი 4-5 ადამიანს თავისუფლად იტევს და აღჭურვილია ყველა საჭირო ატრიბუტიკით, ნამდვილად კომფორტული საცხოვრებელია, დღე-ღამეში სულ 44 ევრო.

ახლა გავიდეთ აპარტამენტიდან და აკვადუკი “კამარესი” შევათვალიეროთ.

14-16 საუკუნეების ბიზანტიური აკვადუკის დანიშნულება, ციხესიმაგრის წყლით მომარაგება იყო. წყალი, ერთი მაღლობიდან მეორე მაღლობზე ამ თაღოვანი კონსტრუქციის ზედა ნაწილში გაყვანილი არხის მეშვეობით მიედინებოდა. ახლა ის ქალაქის სიმბოლოს წარმოადგენს და განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნის.

აკვადუკიდან 10 წუთის ფეხითსავალ მანძილზეა მეთევზეების ძალიან ფერადი და გემრიელი ნავმისადგომი. საქმე იმაშია, რომ მრავალფეროვან ნავებთან ერთად აქვე მოწყობილ ტავერნებში შეგიძლიათ მიირთვათ უგემრიელესი ზღვის პროდუქტები.

ფოტოების გადაღების შემდეგ იქვე პირველსავე ტავერნას მივადექით. ორი სახეობის თევზი, კრევეტები, ორი კარტოფილი, კოლა და ლუდი შევუკვეთეთ. ამ ყველაფერს თან მოჰყვა წყალი და ზეთისხილის სოუსში მომზადებული პური.

კავალა - ზამთრის შვებულების თბილად გასატარებლად - მე მოგზაური

ამ ყველაფრისთვის წარმოგვიდგინეს 40 ევროს ანგარიში და ტავერნის ხარჯზე დესერტიც მოგვართვეს 🙂

კავალა - ზამთრის შვებულების თბილად გასატარებლად - მე მოგზაური

კიდევ ერთი ტავერნა რომელსაც ჩვენ ვესტუმრეთ, მდებარეობს უშუალოდ ძველ ქალქში პორტის მახლობლად სასტუმრო “იმარეთის” წინ. ის ოსმანეთის იმპერიის დროს მუსლიმურ სასწავლებელს წარმოადგენდა, ახლა პრესტიჟულ სასტუმროდ ითვლება.

კავალა - ზამთრის შვებულების თბილად გასატარებლად - მე მოგზაური

ტავერნა Koytoykaki კი საქართველოდან წასული ბერძნების რესტორანი აღმოჩნდა, რამაც ჩვენც და ტავერნის პერსონალიც ძალიან გაგვახარა. წინასწარ ვიცოდით, რომ აქ აქვთ 20 ევროიანი მენიუ, რომელიც რამდენიმე კერძს შეიცავს და ორ ადამიანზეა გათვლილი. რა თქმა უნდა შევუკვეთეთ ზღვის პროდუქტები, შეიძლება ხორცის მენიუს მოთხოვნაც. 20 ევროდ მივიღეთ: უზარმაზარ თეფშზე თევზის და ზღვის სხვა პროდუქტების ასორტი, შემწვარი სოკო ყველთან ერთად, შემწვარი ბულგარული ყველთან ერთად, ბერძნული სალათა, კარტოფილი, პური, წყალი, ლუდი და ორი კოლა.

მზარეულმა გვითხრა აჭარულ ხაჭაპურსაც ვაკეთებთ და ადრე ხინკალიც გვქონდაო. იქვე გვერდით არის ჩვენებურად “თაფლაკვერის” ბერძნული ვარიანტი. გირჩევთ გასინჯეთ, ძალიან გემრიელი, შეძენამდე შეგიძლიათ დააგემოვნოთ 🙂

თუ ამ ქუჩას ქვევით ჩაუყვებით უსათუოდ პორტში მოხვდებით. იქ კი ბევრი რესტორანია, მათ შორის ერთ-ერთი ქართველი მუშაობს და თან დაბალი ფასებიც ჰქონიათ, შემოწმება ვეღარ მოვასწარი…

კავალა - ზამთრის შვებულების თბილად გასატარებლად - მე მოგზაური

მნიშვნელოვანია, რომ სწორედ აქედან შეძლებთ კუნძულ “თასოსზე”, მარმარილოს პლიაჟებზე დასასვენებლად გამგზავრებას საზღვაო ტრანსპორტის მეშვეობით.

აქვე მდებარეობს კავალას ცენტრალური მოედანი და ავტოსადგურიც, საიდანაც გადის ავტობუსები სალონიკისა და ათენის მიმართულებით.

კავალა - ზამთრის შვებულების თბილად გასატარებლად - მე მოგზაური

ცენტრალური ნაწილის მშვენებას კი წარმოადგენს ქალაქის მერიის შენობა, საუკუნის წინ თუთუნის მაგნატის უნგრული სასახლე.

ისევ პორტს დავუბრუნდეთ, მის მეორე მხრიდან მოსჩანს კლდეზე შეფენილი ძველი ქალაქი და კავალას ციხესიმაგრე. ახლა სწორედ ამ მიმართულებით გავისეირნოთ 🙂

კავალა - ზამთრის შვებულების თბილად გასატარებლად - მე მოგზაური

კავალას ციხესიმაგრე აგებულია მეთხუტმეტე საუკუნის მეორე ნახევარში ოსმალეთის იმპერიის მმართველობის დროს ბიზანტიური ციხესიმაგრის ნანგრევებზე.

ციხესიმაგრის მთავარი კოშკიდან კავალას ყველაზე ლამაზ და დასამახსოვრებელი ხედები იშლება. ამ პოსტის მეორე ფოტო სწორედ იქედან არის გადაღებული.

ციხესიმაგრეში შესვლა 2,5 ევრო, ხოლო ბავშვების ბილეთი 1,5 ევრო ღირს.

ციხესიმაგრიდან კარგად მოსჩანს ქრისტიანული ტაძარი Ekklisia Kimisi Theotokou და ძველი ვიწრო ქუჩების მეშვეობით სწორედ მისკენ გავემართეთ.

კავალა - ზამთრის შვებულების თბილად გასატარებლად - მე მოგზაური

სამწუხაროდ ეკლესია დაკეტილი დაგვხვდა.

კავალა - ზამთრის შვებულების თბილად გასატარებლად - მე მოგზაური

თუმცა კი მისი ეზოდან ულამაზესი ხედი გადაიშალა.

კავალა - ზამთრის შვებულების თბილად გასატარებლად - მე მოგზაური

უკან გზაზე, ჩვენიი აპარტამენტისკენ, ძველი ქალაქის ვიწრო ქუჩებით დაბრუნებისას მუჰამედ ალის ძეგლს და მუზეუმს გადავეყარეთ. მუჰამედ ალი იყო ეგვიპტის მმართველთა უკანასკნელი დინასტიის წინაპარი და მას კავალაში ღირსეულად აფასებენ.

კავალა - ზამთრის შვებულების თბილად გასატარებლად - მე მოგზაური

განსაკუთრებით კოლორიტულია ძველი კავალას ქუჩების არქიტექტურა, რაღაცით ძველ თბილისს წააგავს.

კავალა - ზამთრის შვებულების თბილად გასატარებლად - მე მოგზაური

კამარესიდან უფრო ქვევით, კვლავ ქალაქის ცენტრისკენ, ვიწრო ქუჩებში, უამრავი მაღაზია და კაფე-ბარია.

აქ იპოვით ბერძნულ ყავას, ტკბილეულს, ხორცის და პურის მაღაზიებს, შაურმასაც კი 🙂

კავალა - ზამთრის შვებულების თბილად გასატარებლად - მე მოგზაური

აქვე ცენტრშია ქალაქის ბაზრის შენობა, სადაც განთავსებულია დიდი სუპერმარკეტი და თევზის ბაზრობა.

ფასები ძალიან ჰგავს თბილისურს, ოღონდ ციფრების გვერდით ლარის ნაცვლად ევროს ნიშანია გამოსახული.

მოკლედ აი ის თუ რატომ კავალა…

კავალა - ზამთრის შვებულების თბილად გასატარებლად - მე მოგზაური

  • 59
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
0 კომენტარი
0

სხვა მასალები