თქვენს ყურადღებას ისეთ აპარტამენტებზე შევაჩერებ, რომელთა ხარისხის განსაზღვრის საშუალებას მათთვის მინიჭებული ვარსკვლავები და სხვა ჯილდოები იძლევა.
ზოგიერთს ჰგონია, რომ Airbnb-ის აპარტამენტი მხოლოდ ის ბინაა, რომლიდანაც მესაკუთრე სადღაც შორს გადაბარგდა და ცარიალი ერთ-ოთახიანი გასაქირავებლად საიტზე გამოაქვეყნა. აქედან მომდინარეობს რეალური თუ მითადქცეული ამბები აუტანელი და სისხლისმსმელი მასპინძლების შესახებ, რომლებიც სტუმრებს ბრალდებებს უყენებენ და კომპენსაციებს მოითხოვენ… ასეთი რიტორიკის ავტორები ყოველთვის სასტუმროებს აქებენ, თუმცა კი რეალობაში უხარისხო სასტუმროებიც საკმაო რაოდენობით გვხვდება. მაგრამ ამ შემთხვევაში არჩევნის გაკეთებას სასტუმროებისთვის მინიჭებული ვარსკვლავების რაოდენობა აიოლებს და როგორც ჩანს სწორედ ეს განაპირობებს ნდობის უფრო მაღალ ხარისხს.
მე განსხვავებული შეხედულება გამაჩნია
და თუ რატომ აღწერილი მაქვს შემდეგ პოსტებში:
შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის დაწყების შემდეგ კიდევ უფრო აქტუალური ხდება ევროპის ქალაქებში იაფი თუ კომფორტული საცხოვრებლის მოძიება. მე რადგან ორკაციან მოგზაურთა ჯგუფსაც კი აპარტამენტების დაქირავებას ვურჩევ, ამიტომ თქვენს ყურადღებას ისეთ აპარტამენტებზე შევაჩერებ, რომელთა ხარისხის განსაზღვრის საშუალებას მათთვის მინიჭებული ვარსკვლავები და სხვა ჯილდოები იძლევა.
ხუთვარსკვლავიანი აპარტამენტები: Nebbia Hotels
ეს არის რამდენიმე აპარტამენტი პრაღაში, რომელიც გაერთიანებულია ერთ კომპანიაში სახელწოდებით “ნებია ჰოტელს”. აქ სტუმრებს მასპინძლის ნაცვლად შეხება აქვთ სასტუმროს პერსონალთან, ადმინისტრატორთან, მენეჯერთან ან დამლაგებელთან.
Nebbia Hotels პირველად 2008 წელს აღმოვაჩინე, როდესაც პრაღაში მოგზაურობის დაგეგმვა დავიწყე და დაბალფასიან ჰოსტელებს თუ სასტუმრო სახლებს დავეძებდი. არჩევანი “ნებია ჰოტელსზე” შევაჩერეთ უპირველეს ყოვლისა მდებარეობის და შემდეგ ფასის გამო. იმჟამად სასტუმროს ვებსაიტზე ეწერა, რომ “რეზიდენცია ტინსკა” მდებარეობს სტარომესტკის მოედანთან, ტინის (Chrám Matky Boží před Týnem) ტაძრის უკანა მხარეს. ამაზე ცენტრალური ადგილი ძნელი წარმოსადგენია პრაღაში.
ფოტოზე, შუაგულში ღია-ყვითლით შეღებილი 3 სართულიანი სახლი მოსჩანს, ეს არის 5 ვარსკვლავიანი “რეზიდენცია ტინსკა”, რომელიც აერთიანებს რამდენიმე აპარტამენტს. ჩვენ ყველაზე მცირე ზომისა და ყველაზე იაფი, ორკაციანი სტუდიო “გარსონკა” ავირჩიეთ, მაგრამ მაინც გვეძვირა და ადმინისტრაციასთან მიმოწერა დავიწყეთ. მეილზებზე ჩეხმა ქალმა, ევამ გვიპასუხა და 1 დღის ფასის 35 ევრომდე შემცირებას დათანხმდა.
ამ ისტორიულ სახლს, რომელიც იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მატარებელია მე და ჩემი მეუღლე გამთენიისას მივადექით. აპარტამენტში ევას ნაცვლად უკრაინელი გოგონა ევგენია დაგვხვდა. როგორც გაირკვა ევგენია პრაღაში ტურიზმის სპეციალობას დაეუფლა და ევასთან ერთად “ნებია ჰოტელს” ხელმძღვანელობს. მოგვიანებით ამ სასტუმროს კლიენტები არაერთხელ გავხდით, ამიტომ საერთო ფოტოც შემოგვრჩა. გადაღებულია 2011 წელს.
ჩვენს ზურგს უკან არის ხუთვარსკვლავიანი აპარტამენტების Residence Jecna-ს სადარბაზოს კარი, აქვეა თავად “ნებია ჰოტელსის” ოფისიც.
რეზიდენცია მდებარეობს პრაღის ცენტრში, ვაცლავის მოედნის ზედა მხარეს და შედგება რამდენიმე აპარტამენტისგან. 2011 წელს ჩვენ დავბინავდით ამ ხუთსართულიანი სახლის ბოლო სართულზე, ჩვენებურად მანსარდაზე. ორსართულიანი აპარტამენტი, რომელიც ორ საძინებელს, ორ აბაზანას, ერთ დიდ საცხოვრებელ სივრცეს აერთიანებს, ბარითა და სამზარეულო კუთხით, პლუს ტერასაც – 75 ევროდ დავიქირავეთ. ულამაზესი სადარბაზო აღჭურვილია ხუთვარსკვლავიანი სასტუმროსთვის შესაფერისი ლიფტით და უსაფრთხოების სისტემებით.
ამ აპარტამენტის ხიბლს კიდევ უფრო ამძაფრებს ტერასა, საიდანაც პრაღის ულამაზესი ხედები იშლება.
ამავე შენობაშია განთავსებული “ნებია ჰოტელის” რამდენიმე სხვა აპარტამენტი, მათ შორის უფრო მაღალი კლასისა, რომელიც ჩემს მიერ დაქირავებულისგან იმით განსხვავდება, რომ სტანდარტულ სართულზეა განლაგებული და ოდნავ მეტი სივრცე გააჩნია. მომსახურება კი ერთნაირია, რაც კვირაში რამდენჯერმე აპარტამენტის დასუფთავებასაც ითვალისწინებს.
კიდევ ერთი აპარტამენტი, რომელიც მე პირადად გამოვცადე “რეზიდენცია ტინსკაში” მდებარეობს. 2012 წელს ოთხ ადამიანზე გათვლილი 2 საძინებლიანი აპარტამენტი ორმა დავიქირავეთ და როგორც წესი ძალიან კმაყოფილიც დავრჩით.
როგორც “ნებია ჰოტელის” ყველა სხვა აპარტამენტი, ესეც 5 ვარსკვლავიანია და ყოველგვარი წვრილმანით უზრუნველყოფილი. მათზე შეჩერება დროის ფუჭ ხარჯვად მეჩვენება.
ამ ისტორიული სახლის ფანჯრებიდან ძალიან საინტერესო და ლამაზი ხედი იშლება ასევე ისტორიულ ტინსკას ქუჩაზე. ერთი სიამოვნებაა ამ ხედებით ტკბობა 🙂
ბუნებრივია კლასიდან და ხარისხიდან გამომდინარე “ნებია ჰოტელსის” აპარტამენტები “იაფი” არ ღირს, მაგრამ კარგი არჩევანია მათთვის ვინც ხუთვარსკვლავიან კომფორტს დაეძებს თანაც პრაღის შუაგულში.