რატომ არის სინოპი აჭარის ალტერნატივა, რა უპირატესობები და მინუსები გააჩნია თურქეთის შავი ზღვისპირა ამ ისტორიულ ქალაქს?
მოხიბლული ვარ ბათუმით, მაგრამ კლიმატი კაიფს ტეხავს. აჭარის და მთლიანად საქართველოს შავი ზღვისპირეთის სხვა ადგილებში კლიმატს კიდევ ემატება გაუმართავი ინფრასტრუქტურა, მომსახურების დაბალი დონე და სიძვირე.
ეს ფოტოები თურქეთის შავი ზღვის სანაპიროზე უძველეს ქალაქ, სინოპში 2007 – 2010 წლებში გადავიღე.
![სინოპი - აჭარის ალტერნატივა შავი ზღვისპირეთში სინოპი, პორტი და ძველი ციხესიმაგრე](https://www.memogzauri.com/wp-content/uploads/2013/08/IMG_8665.jpg)
სინოპის შესახებ ადრეც ვწერდი და ახლა ბათუმში გასეირნების შემდგ კიდევ ერთხელ გამახსენდა.
![სინოპი - აჭარის ალტერნატივა შავი ზღვისპირეთში სინოპი](https://www.memogzauri.com/wp-content/uploads/2013/08/IMG_8626-2.jpg)
სინოპი წარმოადგენს ნახევარკუნძულს, რომელიც შავ ზღვაში ისე არის შეჭრილი, რომ ზღვის დინება და ტალღები მხოლოდ მის ერთ ნაპირს ეჯახება.
![სინოპი - აჭარის ალტერნატივა შავი ზღვისპირეთში სინოპის ქვიშიანი სანაპირო](https://www.memogzauri.com/wp-content/uploads/2013/08/IMG_8498.jpg)
მეორე მხარეს კი მშვიდი ზღვა, სუფთა წყალი და ოქროსფერი ქვიშებია.
![სინოპი - აჭარის ალტერნატივა შავი ზღვისპირეთში თევზები](https://www.memogzauri.com/wp-content/uploads/2013/08/IMG_85091.jpg)
წყალი იმდენად გამჭვირვალეა, რომ თავისუფლად ჩანს გათამამებული თევზების “ტინგიცი” 🙂 მაგრამ ამ სანაპიროს ერთი პატარა ნაკლი აქვს, უამინდობის დროს, რომელიც იშვიათობაა, დინებას ნაპირზე გამოაქვს წყალმცენარეები. პლაჟის ნაწილს არ ასუფთავებენ, ამიტომ ზოგიერთ ადგილას წყალმცენარეები ქვიშაზე კოტრიალის საშუალებას არ იძლევა.
![სინოპი - აჭარის ალტერნატივა შავი ზღვისპირეთში სანაპირო](https://www.memogzauri.com/wp-content/uploads/2013/08/IMG_8689.jpg)
თუმცა კი სინოპში ჩემი რეკომენდაციით ჩასული ადამიანი უკან დაბრუნებული უკმაყოფილო არ მინახავს.
სინოპში რამდენჯერმე ყოფნისას წვიმიანი სულ ორიოდე დღე მახსენდება. მისი მდებარეობა ხელს არ უწყობს ღრუბლების თავმოყრას და გადაუღებელ წვიმას.
![სინოპი - აჭარის ალტერნატივა შავი ზღვისპირეთში სინოპის პლაჟი](https://www.memogzauri.com/wp-content/uploads/2013/08/DSC04315.jpg)
სინოპი და მისი ეკონომიკა
ბათუმი გართობის ცენტრია არა მარტო კავკასიის ქვეყნებისთვის. ბათუმში ჩადის თურქეთის შავი ზღვის სანაპიროს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილიც. რაც შეეხება აჭარის სხვა ადგილებს ისინი ვერც გართობის საშუალებებით და ვერც დასვენების სერვისით ვერ გაუტოლდებიან სინოპის შესაძლებლობებს.
![სინოპი - აჭარის ალტერნატივა შავი ზღვისპირეთში სასტუმრო "დიოგენი"](https://www.memogzauri.com/wp-content/uploads/2013/08/IMG_8451.jpg)
ეს არის ხედი სასტუმრო “დიოგენის” აივნიდან. ამ სასტუმროში ერთი საოჯახო ნომერი, რომელიც გათვლილია 4-5 კაცზე (მონდომების შემთხვევაში 6-იც მოთავსდება) 100-დან 140 დოლარამდე ღირს.
ფასი დამოკიდებულია სტუმრის ვაჭრობის უნარზე, რელიგიურ დღესასწაულებზე, თურქული ლირის კურსზე … ბოლოს დღეში 95 დოლარი გადავიხადეთ იმის გამო, რომ ჩვენი წამოსვლის წინა დღით რამადანი დაიწყო. საოჯახო ნომერი აერთიანებს ერთ დიდ და ერთ მომცრო ოთახს, სამზარეულოს, აბაზანა-ტუალეტს და აივანს მშვენიერი ხედით.
![სინოპი - აჭარის ალტერნატივა შავი ზღვისპირეთში სასტუმრო დიოგენეს კორპუსები](https://www.memogzauri.com/wp-content/uploads/2013/08/IMG_8338.jpg)
თუ ზღვა არ მოგეწონებათ, შეგიძლიათ აუზში ან აუზისპირას დაისვენოთ. აქვეა ღია ბარიც და საღამოობით ცოცხალი მუსიკაც არის ხოლმე, თურქული როკიდან დაწყებული და ლაზური “დიდოუ ნანათი” დამთავრებული.
![სინოპი - აჭარის ალტერნატივა შავი ზღვისპირეთში IMG_8261](https://www.memogzauri.com/wp-content/uploads/2013/08/IMG_8261.jpg)
სასტუმროში კვება ერთჯერადია, ე.წ შვედური სუფრა, ყველაფერია იმისთვის, რომ სუფთა ჰაერზე კარგად დანაყრდე 🙂 შეგიძლიათ რესტორანში ნებისმიერ დროს შეუკვეთოთ, თუმცა ქალაქის რესტორნების დალაშქვრა უფრო საინტერესოა.
სინოპის სხვა სასტუმროები ნახეთ და დაჯავშნეთ აქ.
![სინოპი - აჭარის ალტერნატივა შავი ზღვისპირეთში სინოპის რესტორნები](https://www.memogzauri.com/wp-content/uploads/2013/08/IMG_8543.jpg)
თევზის მოყვარულებისთვის პორტის გასწვრივ, ზღვაში მოტივტივე კაფე-რესტორნების ცვენაა. თურქული ქაბაბების და ხორცის კერძების დიდი არჩევანით. საშუალოდ, საკვები ოდნავ უფრო ძვირი ჯდება ვიდრე აჭარაში.
![სინოპი - აჭარის ალტერნატივა შავი ზღვისპირეთში პორტისპირა კაფეები](https://www.memogzauri.com/wp-content/uploads/2013/08/DSC04512.jpg)
თურქეთი ბოლო წლებში საკმაოდ გაძვირდა, მაგრამ ქართველის ჯიბისთვის სრულებით ხელმისაწვდომი რჩება.
![სინოპი - აჭარის ალტერნატივა შავი ზღვისპირეთში დოლმუში](https://www.memogzauri.com/wp-content/uploads/2013/08/IMG_8678.jpg)
სინოპი მცირე ზომის ქალაქია, მაგრამ გადაადგილებისთვის მაინც დაგჭირდებათ ტრანსპორტი. “დოლმუში” (გამოტენილი, გადაჭედილი) – ასე ჰქვია იქაურ “მარშრუტკას” – წარმოადგენს მინიატურულ ავტობუსს, რომელიც ზოგჯერ მართლაც გადატენილია.
წლების მანძილზე მგზავრობის ფასი 10 ლირამდე გაიზარდა რაც დაახლოებით 2 ლარია. გაჩერებისთვის მძღოლს დაუყვირეთ “დურაქ”! თავიდან მეც მეხამუშა, მაგრამ სტოპ რომ ვერ გაიგო და ჩემს სასტუმროს გასცდა, მერე სულ დურაკი ვეძახე, გაჭრა 🙂 შემოკლებით “დურ” გაჩერებას ნიშნავს.
იქაური საზოგადოებრივი ტრანსპორტის ტრადიციაა: უფროსი, რაც არ უნდა მოხუცი იყოს ადგილს უთმობს ბავშვს, მომავალ თაობას.
![სინოპი - აჭარის ალტერნატივა შავი ზღვისპირეთში სინოპის ფლოტი](https://www.memogzauri.com/wp-content/uploads/2013/08/DSC04239.jpg)
სხვა სასტუმროები გაცილებით იაფია. ჩემი რეკომენდაციით სინოპში ჩასულმა ერთმა წყვილმა ახლადგახსნილ სასტუმროში 2 ადგილიანი ნომერი 35 დოლარად დაიქირავა. კარგი პლაჟით გამოირჩევა ერთ-ერთი სასტუმრო, რომელსაც ქართველები ფლობენ.
![სინოპი - აჭარის ალტერნატივა შავი ზღვისპირეთში ხილ-ბოსტანი](https://www.memogzauri.com/wp-content/uploads/2013/08/DSC04532.jpg)
ხილი და ტკბილეული თავზე საყრელი და ძალიან გემრიელია.
იქაური ატმის და საზამთროს არომატი ყოველთვის მახსენდება, როდესაც თბილისში ნორმალურ საზამთროს ვერ ვპოულობ.
თუ ვაჭრობა არ დაგეზარებათ ფასდაკლება გარანტირებულია, მითუმეტეს თუ გამყიდველი ლაზი ან გურჯი (ძველი ქართველი) შეგხვდათ.
ღირშესანიშნაობა
სინოპის ერთ-ერთი ღირშესანიშნაობა ძველი ქართველებია (გურჯები). ისინი აქ ძირითადად საქართველოს რუსეთის იმპერიასთან მიერთების დროს გადმოსახლდნენ.
მაგრამ. სინოპი მანამდეც ყოფილა ქართველთა სამიზნე. თამარ მეფესაც კი გაულაშქრია სინოპის ციხის დასაპყრობად.
ადრე სინოპის ძალაუფლება ფარავდა სივრცეს სადაც ისტორიული ქართველური ტომები – მოსინიკები, ხალიბები და კოლხები სახლობდნენ.
![სინოპი - აჭარის ალტერნატივა შავი ზღვისპირეთში სინოპის ციხესიმაგრე](https://www.memogzauri.com/wp-content/uploads/2013/08/IMG_8632.jpg)
ქალაქის სიმბოლოს დიოგენი წარმოადგენს. ითვლება, რომ დიოგენი სწორედ სინოპში ფილოსოფოსობდა.
![სინოპი - აჭარის ალტერნატივა შავი ზღვისპირეთში დიოგენი](https://www.memogzauri.com/wp-content/uploads/2013/08/IMG_8602.jpg)
სინოპი სელჯუკების გავლენის სფეროში 15-ე საუკუნიდან მოექცა და მას შემდეგ იწყება ქრისტიანულის მუსულმანური კულტურით ჩანაცვლების ხანა. მაგრამ აქ ქრისტიანული კულტურის ძეგლები დღემდეა შემონახული. მუზეუმში დაცულია მრავალი ექსპონატი.
![სინოპი - აჭარის ალტერნატივა შავი ზღვისპირეთში ჯვარი](https://www.memogzauri.com/wp-content/uploads/2013/08/DSC04419.jpg)
მართმადიდებლური ხატების გადაღების უფლება არ მოგვცეს. ექსპონატების უმრავლესობა ბიზანტიური კულტურის ნიმუშია, მათ შორისაა ქვევრიც.
![სინოპი - აჭარის ალტერნატივა შავი ზღვისპირეთში ქვევრი სინოპში](https://www.memogzauri.com/wp-content/uploads/2013/08/DSC04428.jpg)
ძველის და ახლის შერწყმის ადგილი
![სინოპი - აჭარის ალტერნატივა შავი ზღვისპირეთში ძველი და ახალი სინოპი](https://www.memogzauri.com/wp-content/uploads/2013/08/IMG_8647.jpg)
შეძლებული სინოპელების საცხოვრებელი დაახლოვებით ასე გამოიყურება
![სინოპი - აჭარის ალტერნატივა შავი ზღვისპირეთში სახლი სინოპში](https://www.memogzauri.com/wp-content/uploads/2013/08/IMG_8212.jpg)
ასეთ სახლებში სხვადასხვა სართულზე სხვადასხვა ოჯახი ცხოვრობს. რაღაც ქალაქურისა და აგარაკული ცხოვრების ნაზავია.
![სინოპი - აჭარის ალტერნატივა შავი ზღვისპირეთში სახლი სინოპში](https://www.memogzauri.com/wp-content/uploads/2013/08/IMG_8215.jpg)
ქორწილი არ გეგონოთ, წინდაცვეთის (მუსულმანური ნათლობის) ცერემონიალია.
![სინოპი - აჭარის ალტერნატივა შავი ზღვისპირეთში წინდაცვეთის ცერემონიალი](https://www.memogzauri.com/wp-content/uploads/2013/08/DSC04541.jpg)
მოკლედ, თუ აჭარის ალტერნატივას ეძებთ და მოგზაურობა არ გეზარებათ ეწვიეთ სინოპს 🙂
![სინოპი - აჭარის ალტერნატივა შავი ზღვისპირეთში სერფინგი სინოპში](https://www.memogzauri.com/wp-content/uploads/2013/08/DSC04351.jpg)
რეკომენდაციები:
- იაფი ავიაბილეთების საძიებელი საუკეთესო საშუალება: kiwi.com
- დაგვიანებული, გადადებული ან გაუქმებული ავიარეისების კომპენსაცია: Air Help
- თუ სასტუმროებს დაეძებთ, მაშინ ეწვიეთ სასტუმროების ყველაზე დიდ საძიებო სისტემას: Booking.com
- მუზეუმების ბილეთების საიტი: Tiqets
- მოგზაურობის შესახებ დეტალური ინფორმაცია: მოგზაურთა ჯგუფი