ბერლინი – ქალაქი, რომელიც არ მალავს საკუთარ სასტიკ წარსულს

შინაარსი

შესავალი

ჩემი მრავალწლიანი ევროპული მოგზაურობებისას გერმანიას ორჯერ ვესტუმრე და მეგონა, ეს ქვეყანა საკმაოდ კარგად გავიცანი. სხვადასხვა დროს ვნახე მიუნხენი – მყარი, თავდაჯერებული, მოწესრიგებული, ნამდვილი გერმანული სულითა და გულით ნაკვეთი, და ასევე აღმოსავლეთ გერმანიის მარგალიტი, დრეზდენი – მშვიდი, კლასიკური საუნივერსიტეტო ქალაქი ელბის ნაპირას. ისინი ლამაზ, დასრულებულ ისტორიულ წიგნებს ჰგვანან, სადაც წარსული მუზეუმებში, ტაძრებსა და მონუმენტებშია ესთეტიკურად კონსერვირებული.

მაგრამ ბერლინი სულ სხვაა. იგი არ ცდილობს იყოს ლამაზი. ის გერმანიის ღია ჭრილობაა! ესაა ქალაქი, რომელიც არ მალავს და ყოველგვარი შელამაზების გარეშე, ღიად გადმოსცემს იმ სისასტიკეს, რაც თავად ჩაიდინა, და იმ ტანჯვას, რომელიც სასჯელის სახით მოგვიანებით ეზღო.

ამ ქალაქის სიმძიმე რომ იგრძნო, მიწისქვეშ უნდა ჩახვიდე.

წარმოიდგინეთ, რომ 1965 წლის ცივ საღამოს მეტროს ვაგონში ზიხართ. მატარებელი დასავლეთ ბერლინიდან იძვრება, უცებ სვლას ანელებს და გვირაბი წყვდიადში იძირება. თქვენ იცით, რომ ამწამს მატარებელი აღმოსავლეთის, საბჭოთა სექტორის მიწისქვეშა სივრცეში გადის. ფანჯრიდან ჩაბნელებული, დაგმანული სადგური ჩანს. კედლებზე ომამდელი რეკლამებია შემორჩენილი, საათის ისრები კი გაჩერებულია. პლატფორმაზე მხოლოდ ორი აღმოსავლეთგერმანელი მესაზღვრე დგას, ავტომატებით ხელში. მატარებელი არ ჩერდება, ის უბრალოდ ნელა ჩაუვლის ამ მკვდარ სივრცეს და ისევ დასავლეთის შუქზე გამოდის.

ბერლინელებმა ამ ადგილებს Geisterbahnhöfe – „მოჩვენება-სადგურები“ უწოდეს. 28 წლის განმავლობაში, სანამ ზემოთ ქალაქს კედელი ყოფდა, მიწისქვეშ ადამიანების ცხოვრება ხელოვნურად იყო გაყინული.

ყველაზე მეტად კი ის გიჩუყებს გულს, რომ აღმოსავლეთ ბერლინში ჩაკეტილ ადამიანებს ქუჩის საჰაერო შახტებიდან მკაფიოდ ესმოდათ ამ მატარებლების გუგუნი. თავისუფლება მათგან სულ რაღაც ხუთ მეტრში ჩაივლიდა ხოლმე, მაგრამ შიგნით დაჯდომის უფლება არ ჰქონდათ. ოჯახის წევრები, რომლებიც ერთ ღამეში გაყვეს, ხშირად მიდიოდნენ ამ შახტებთან, რათა ლიანდაგების ხმაურში ერთმანეთის ფიზიკური ყოფნა მაინც ეგრძნოთ.

დღეს ეს სადგურები ჩვეულებრივად მუშაობს. თუმცა, თუ ბერლინურ იარებს ეძებთ, აუცილებლად გაჩერდით Nordbahnhof-ზე. იქ დღეს მუდმივი გამოფენაა მოწყობილი ამ „მოჩვენებათა“ ისტორიაზე.

ლოგისტიკა და პირველი ნაბიჯები

არჩევანი ავსტრიის ავიხაზებზე (Austrian Airlines) შევაჩერე, მარშრუტით: თბილისი – ვენა – ბერლინი. ორმხრივი ბილეთები ორ ადამიანზე სულ 520 დოლარი დაჯდა. ეს ფასი მოიცავდა სალონის 8-კილოგრამიან ჩემოდანსა და თითო ზურგჩანთას – აბსოლუტურად საკმარის ბარგს იმისთვის, რომ ქალაქში მობილური და თავისუფალი ყოფილიყავი.

ამ გადაწყვეტილებამ პირველივე წუთიდან გაამართლა. ბორტი უკიდურესად მოწესრიგებული დაგვხვდა, ეკიპაჟი – თავაზიანი, ხოლო პილოტები უმაღლესი პროფესიონალიზმით გამოირჩეოდნენ. როდესაც გრძელი მოგზაურობის წინ მშვიდი და კომფორტული ფრენა გაქვს, ეს მთელი მოგზაურობის განწყობას დადებითად განაპირობებს.

ვენაში მოკლე გადაჯდომის შემდეგ, ბერლინის ბრანდენბურგის აეროპორტში (BER) დავეშვით. აქედან უკვე დაიწყო ნამდვილი ბერლინური თავგადასავალი.

ბერლინი გიგანტური ქალაქია. აქ შიდა გადაადგილებისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის აქტიური გამოყენება აუცილებელია, რადგან დისტანციები დიდია და მხოლოდ ფეხით შორს ვერ წახვალ. სწორედ ამიტომ, აეროპორტში ჩასვლისთანავე პირველი, რაც გავაკეთეთ, BVG-ის (ბერლინის სატრანსპორტო კომპანიის) აპლიკაციაში Berlin WelcomeCard-ის შეძენა იყო ABC ზონისთვის, რაც 60 ევრო დაჯდა.

ბერლინში ტრანსპორტი მკაცრად არის დაყოფილი ზონებად, აეროპორტი კი C ზონაში მდებარეობს. ეს ბარათი მოიცავს აეროპორტიდან ქალაქამდე მატარებლით მგზავრობას და ყველა სატრანსპორტო საშუალების შეუზღუდავ აბონემენტს. გარდა ამისა, მას კიდევ ერთი უდიდესი პლუსი აქვს — WelcomeCard-ით მუზეუმებსა და საექსკურსიო ლოკაციებზე 25%-იანი ფასდაკლება მოქმედებს.

სასტუმრო Holiday Inn Express Berlin – Alexanderplatz შევარჩიეთ, სადაც 4 ღამეში საუზმის ჩათვლით 670 ევრო გადავიხადეთ. როდესაც ქალაქს ტურისტული მიზნებით სტუმრობ, სასტუმროს მდებარეობა ბევრ რამეს წყვეტს. ალექსანდერპლაცის შემოგარენი ტრანსპორტის თვალსაზრისით ბერლინის მთავარი გულია. აქედან S-Bahn-ის, U-Bahn-ისა და ტრამვაის ქსელი ნებისმიერ წერტილთან წამებში გაკავშირებს. ეს არის იდეალური ლოკაცია, რომ ქალაქის სატრანსპორტო არტერიები მაქსიმალურად აითვისო და დრო ტყუილად არ დაკარგო.

სასტუმროში ქართველები მუშაობდნენ, რაც ჩემთვის ძალიან სასიამოვნო და მოულოდნელი აღმოჩენა იყო, ხოლო მათთან დამშვიდობება — სენტიმენტალური და გულის ამაჩუყებელი: „იმედია, ოდესმე ჩვენც დავბრუნდებით საქართველოში“. ამ სიტყვების მოსმენა ემიგრაციაში მყოფი თანამემამულეებისგან უკიდურესად ემოციური აღმოჩნდა ჩემთვის.

აეროპორტიდან ბერლინის ცენტრალურ სადგურამდე (Berlin Hauptbahnhof) პირდაპირ სპეციალური, სწრაფი მატარებლით — FEX-ით (Flughafen-Express) წავედით. ეს არის ყველაზე კომფორტული, პირდაპირი და დროის თვალსაზრისით მომგებიანი გზა ქალაქში შემოსასვლელად. ცენტრალური სადგურიდან კი ალექსანდერპლაცამდე შიდა მატარებლით, S3 ხაზით მივედით — სულ რამდენიმე გაჩერება და უკვე დანიშნულების ადგილზე ვიყავით.

დღე პირველი: კაპიტალისტური რიტმი და ბავარიული ოაზისი

სასტუმროში დაბინავების შემდეგ ალექსანდერპლაცზე გავედით. ეს მოედანი საუკეთესო წერტილია იმისთვის, რომ ბერლინის ის პარადოქსული ხასიათი იგრძნო, შესავალში რომ ვახსენე. დღეს ალექსანდერპლაცი ხმაურიანი, ცოცხალი კაპიტალისტური ცენტრია. ირგვლივ უზარმაზარი სავაჭრო მოლებია, სადაც ისეთი ცნობილი ბრენდული მაღაზიებია გამოფენილი, როგორიცაა Hugo BossCalvin KleinGuess და ა.შ. ყველაფერი თანამედროვე რიტმით ფეთქავს, მაგრამ საკმარისია მიმოიხედო, რომ არქიტექტურა წარსულის დავიწყების საშუალებას არ გაძლევს.

აქ სეირნობისას ყველაზე მეტად სწორედ ეს კონტრასტი გაოცებს — როგორ შთანთქა თანამედროვე ცხოვრებამ ტოტალიტარული რეჟიმის ნაცრისფერი, გიგანტური არქიტექტურული მონუმენტები.

ამ ყველაფრის გვირგვინი კი, რა თქმა უნდა, ბერლინის ტელეანძაა (Fernsehturm). ის პირდაპირ მოედნის შუაგულში ცაშია ატყორცნილი და ქალაქის ნებისმიერი წერტილიდან ჩანს. ოდესღაც ეს გიგანტური ნაგებობა გდრ-ის მთავარი სავიზიტო ბარათი და საბჭოთა ბლოკის ტექნოლოგიური ძლიერების სიმბოლო იყო. დღეს კი მის ძირში ადამიანები ბრენდულ მაღაზიებში საყიდლებს აკეთებენ, ყავას სვამენ და სრულიად თავისუფლად გადაადგილდებიან.

პირველი დღის დასასრულს კი ნამდვილი სიურპრიზი გველოდა – Hofbräu-ს ბავარიული ლუდის რესტორანი. მიუხედავად იმისა, რომ ბერლინში ვიყავით, აქ ფეხის შედგმისთანავე ნამდვილი ბავარიული სული იგრძნობოდა. ტრადიციულ სამოსში გამოწყობილი უკიდურესად მხიარული და გულთბილი პერსონალი, ავთენტური გარემო, უგემრიელესი ბავარიული კერძები, ცოცხალი მუსიკა და, რა თქმა უნდა, უმაღლესი ხარისხის გაუფილტრავი ლუდი – ამ ყველაფერმა იდეალური განტვირთვა გვაჩუქა დამღლელი მგზავრობის შემდეგ.

ბერლინმა პირველივე დღეს, ყოველგვარი მუზეუმების გარეშე, ღია ცის ქვეშ დაგვანახა საკუთარი ხასიათი: ის არ მალავს წარსულს, მან ის უბრალოდ დღევანდელობის ნაწილად აქცია.

დღე მეორე: ტოტალიტარული დამღა, ტერორის ანატომია და ნეფერტიტის მისტიკა

მეორე დილას სასტუმროდან გამოვედით და ალექსანდერპლაცის სადგურიდან პირდაპირ U5 ხაზის მეტროში ჩავედით. ეს ხაზი იდეალურია, რადგან ის პირდაპირ ქალაქის ისტორიული ცენტრის მიწისქვეშ გადის და ზუსტად ბრანდენბურგის კარიბჭესთან (Brandenburger Tor) ამოდის. საოცრად შთამბეჭდავი სანახაობაა: მეტროდან ამოსვლისას შენს წინ პირდაპირ ეს დიდებული ნაგებობა აღიმართება, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ცივი ომისა და დაყოფილი გერმანიის მთავარ, გლობალურ სიმბოლოს წარმოადგენდა.

როდესაც ბრანდენბურგის კარიბჭის გრანდიოზულ თაღებს უყურებ, გონებაში მაშინვე ტივტივდება ძველი კადრები — როგორ იდგა აქვე, სულ რაღაც რამდენიმე მეტრში, ბეტონის ცივი კედელი და მავთულხლართები, რომლებიც ადამიანებს ერთმანეთისგან ყოფდა. დღეს კი აქ თავისუფლებისა და გაერთიანების სრულიად სხვა ენერგია ტრიალებს.

ბრანდენბურგის კარიბჭის მონახულების შემდეგ გზა პირდაპირ ტირგარტენის პარკისკენ მიმავალ ცენტრალურ გამზირზე გავაგრძელეთ. ფეხით გავუყევით ცნობილ 17 ივნისის ქუჩას (Straße des 17. Juni) იმ გიგანტური მოედნისკენ, რომლის ცენტრშიც ბერლინის კიდევ ერთი მონუმენტური სიმბოლო — გამარჯვების სვეტი (Siegessäule) დგას. მისი მწვერვალიდან ქალაქს გადმოჰყურებს ოქროსფერი, მზეზე მოციმციმე ქალღმერთის მაღალი ქანდაკება. ეს გრძელი, მწვანეში ჩაფლული გამზირი და მის ბოლოში აზიდული მონუმენტები საოცარ სივრცის შეგრძნებას აძლევს მნახველს და კარგად აჩვენებს გერმანული არქიტექტურის მასშტაბებს.

სწორედ ამ ქუჩაზე, გამარჯვების სვეტისკენ მიმავალ გზაზე, შევჩერდით საბჭოთა ჯარისკაცების მონუმენტთან (Sowjetisches Ehrenmal Tiergarten). აი, აქ კი მივიღე ამ მოგზაურობის პირველი ემოციური შოკი. როგორც ისტორიის მოყვარული, ბევრ რამეს ველოდი, მაგრამ ამ სანახაობამ სრულიად გამაოცა. აბსოლუტურად განსაცვიფრებელი და მოულოდნელი იყო დამარცხებული, დანგრეული და ოკუპირებული ქვეყნის გულში, მის უმთავრეს გამზირზე, საბჭოთა ჯარისკაცების ასეთი მასშტაბური, ჰეროიკული მონუმენტისა და წარწერების ხილვა.

სწორედ ეს არის ის უმკაცრესი სასჯელი, რომელიც გერმანიამ მეორე მსოფლიო ომის დროს ჩადენილი საშინელი ბოროტებისთვის მიიღო. ეს გიგანტური მემორიალი არის დამღა, რომელსაც გერმანია ატარებს და ისტორიულ ვალს დღემდე იხდის. შესაძლოა, ეს არ არის სამუდამო, მაგრამ დღეს, ამ გადასახედიდან, რეალობა ზუსტად ასეთია.

მემორიალის ფლანგებზე მდგარი ნამდვილი საბჭოთა ჰაუბიცები და T-34 ტანკები თითქოს დღესაც ძალის დემონსტრირებას ახდენენ იმ სივრცეში, რომელიც ცივი ომის დროს დასავლეთ ბერლინის, ანუ ბრიტანული საოკუპაციო ზონის ტერიტორიაზე აღმოჩნდა. აქ დგომისას და ამ ბრინჯაოს ჯარისკაცის ყურებისას, რომელიც დაჩოქილ გერმანიას თავზე დაჰყურებს, მთელი სიცხადით გეჯახება მეორე მსოფლიო ომის ფინალის მთელი სისასტიკე და იმ პერიოდის გეოპოლიტიკური აბსურდი — ტოტალიტარული იმპერიის ტრიუმფი დასავლური სამყაროს ცენტრში.

ჩვენი შემდეგი გაჩერება კი, ამ პირველი შოკის შემდეგ, კიდევ უფრო მძიმე რეალობაში – „ტერორის ტოპოგრაფიაში“ (Topographie des Terrors) გადადიოდა. ეს არის ადგილი, სადაც ბერლინი საკუთარ ისტორიას სრულიად შიშვლად და ყოველგვარი შელამაზების გარეშე გაჩვენებს. დოკუმენტური ცენტრი და ღია გამოფენა ზუსტად იმ ტერიტორიაზეა გაშლილი, სადაც მესამე რეიხის დროს ნაცისტური ტერორის მთავარი ხერხემალი — გესტაპოსა და SS-ის შტაბ-ბინები მდებარეობდა.

სწორედ აქ, გამოფენის დათვალიერებისას, წავაწყდი ერთ ფოტოს, რომელმაც ადგილზე გამყინა. კადრში ჩანდა, როგორ მიათრევდნენ და სექსუალურად ავიწროებდნენ ახალგაზრდა ქალს საბჭოთა ჯარისკაცები. ფოტოს თან ახლდა საზარელი წარწერა: ბერლინის აღების შემდეგ, წითელი არმიის მიერ ათასობით ადგილობრივი ქალი იქნა გაუპატიურებული. (მხოლოდ ბერლინში 100 000 ქალი)

ჩემთვის ეს უკვე სრული ნონსენსი და გონებისამრევი აბსურდი იყო. სულ რაღაც რამდენიმე ასეულ მეტრში ორმხრივი, უმძიმესი ემოციური შოკი მივიღე: ჯერ ვნახე საბჭოთა ჯარისკაცების გრანდიოზული, ჰეროიკული მონუმენტი, რომელიც მათ განმანთავისუფლებელ კერპებად ხატავდა, იქვე კი — მათივე ჩადენილი საშინელი, არაადამიანური დანაშაულებების ამსახველი დოკუმენტური მტკიცებულება.

ამ სივრცის სიმძიმეს კიდევ უფრო აძლიერებს ისიც, რომ მუზეუმის გასწვრივ, პირდაპირ ამ ნანგრევების თავზე, მიუყვება ბერლინის კედლის ხელუხლებლად გადარჩენილი ორიგინალური მონაკვეთი. უყურებ ამ ნაცრისფერ ბეტონს და ხვდები, როგორ გადაეჯაჭვა ამ ერთ პატარა მიწის ნაკვეთზე მეოცე საუკუნის ორი უდიდესი ტოტალიტარული რეჟიმის ტრაგედია და სისასტიკე.

„ტერორის ტოპოგრაფიიდან“ გამოსულებმა გეზი იქვე ახლოს მდებარე ჩეკპოინტ ჩარლისკენ (Checkpoint Charlie) გავაგრძელეთ. ცივი ომის დროს ეს იყო ყველაზე ცნობილი სამხედრო გამშვები პუნქტი საბჭოთა და ამერიკულ სექტორებს შორის, დღეს კი ეს ადგილი ბერლინის ერთ-ერთ ყველაზე გადატვირთულ ტურისტულ ლოკაციად ქცეულა. საგუშაგოს მოდელთან და ამერიკელი ჯარისკაცების ფორმაში გამოწყობილ მსახიობებთან ფოტოების გადაღებაზე უზარმაზარი რიგი იდგა. ეს ყველაფერი იმდენად კომერციალიზებული და ხელოვნური მომეჩვენა, რომ ფოტოს გადაღებაზე დრო არც კი დამიკარგავს — ნამდვილი ისტორიის ძიება სხვაგან, უფრო ღრმა და ავთენტურ სივრცეებში უნდა გაგვეგრძელებინა.

დასავლეთ ბერლინის გულისკენ, კურფიურსტენდამთან მდებარე ცნობილ ტაძართან წავედით, რომელიც ომის შემდეგ მხოლოდ ნაწილობრივ აღადგინეს — კაიზერ ვილჰელმის მემორიალურ ეკლესიასთან (Kaiser-Wilhelm-Gedächtniskirche).

1943 წელს, მოკავშირეთა დაბომბვისას, ეს გრანდიოზული ნეოგოთიკური ტაძარი თითქმის მთლიანად განადგურდა. ომის შემდეგ ბერლინელებმა მიიღეს გენიალური გადაწყვეტილება, ის სრულად არ აღედგინათ. მთავარი, ნახევრად დანგრეული და დაცხრილული კოშკი ზუსტად ისე დატოვეს, როგორც ომის საშინელების სამუდამო, ღია ჭრილობა ქალაქის სხეულზე. მის გვერდით კი სრულიად თანამედროვე, ნოვატორული ნაგებობა აღმართეს.

როდესაც ამ ახალ ნაწილში შედიხარ, საოცარი სანახაობა გხვდება — ათასობით ლურჯი მინის ვიტრაჟი შიგნიდან ტაძარს მისტიკურ, მშვიდ შუქში ძირავს. ეს არის ბერლინის კიდევ ერთი პარადოქსი: ერთ სივრცეში, გვერდიგვერდ დგას ომის დამანგრეველი კატასტროფა და თანამედროვე, მშვიდობიანი აღორძინება. ეს ეკლესია კიდევ ერთი მკაფიო დასტურია იმისა, თუ როგორ ახსენებს ეს ქალაქი საკუთარ თავს და მნახველს იმ უმძიმეს ფასს, რაც გერმანიამ მესამე რეიხის მიერ ჩადენილი სისასტიკისთვის გადაიხადა.

ამ ყველაფრის შემდეგ, როდესაც მეოცე საუკუნის მძიმე ემოციური შრეებისგან ფსიქოლოგიურად გადავიღალეთ, სრულიად სხვა სამყაროში გადავინაცვლეთ. მივაშურეთ ბერლინის კულტურულ გულს — მუზეუმების კუნძულს (Museumsinsel), რომელიც მდინარე შპრეეზე (Spree) მდებარეობს.

ზოგადად, მუზეუმების დიდი მოყვარული არ ვარ და არც იმ ადგილების სტუმრობა მიტაცებს, სადაც კონკრეტულად არაფერი მაინტერესებს. თუმცა, ამ კუნძულზე ერთი განსაკუთრებული მიზანი გვქონდა, რის გამოც ახალი მუზეუმი (Neues Museum) ავირჩიეთ. ჩემი მთავარი ინტერესი ძველი ეგვიპტის საიდუმლოებები — ლეგენდარული მუმიები და, რაც მთავარია, დედოფალ ნეფერტიტის უნიკალური ბიუსტი გახლდათ.

როდესაც ამ ათასწლეულების წინანდელი ხელოვნების ნიმუშების წინაშე დგები, ხვდები, რომ ეს უბრალო ექსპონატები არ არის — ეს არის ცოცხალი შეხება კაცობრიობის ცივილიზაციის საწყისებთან. ნეფერტიტის საოცრად შენახული, დახვეწილი და მისტიკური სილამაზე, რომელიც 3300 წელზე მეტს ითვლის, მართლაც ჰიპნოზურ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე.

ასეთი უმძიმესი ემოციებით, ისტორიული კონტრასტებითა და შოკით დატვირთული დღე კი ისევ ჩვენს ნაცად ბავარიულ ოაზისში — ჰოფბრაუში დავასრულეთ. ამხელა ინფორმაციული წნეხის შემდეგ, ნამდვილი ნეტარება იყო ხმაურიან, ცოცხალ და ამავდროულად მყუდრო გარემოში ცივი ბავარიული ლუდითა და გემრიელი ვახშმით განტვირთვა. აუცილებელიც კი იყო, რომ ეს ყველაფერი სადმე მშვიდ და ნაცნობ ადგილას გადაგვეხარშა.

დღე მესამე: თავისუფლების ფერები, რეჟიმის ანატომია და მდინარის სიმშვიდე

მესამე დღის დილას ბერლინის კიდევ ერთი, სრულიად განსხვავებული და საკულტო სახის სანახავად მოვემზადეთ. სასტუმროდან გამოვედით და გეზი პირდაპირ ბერლინის კედლის ყველაზე ცნობილი და გრძელი შემორჩენილი მონაკვეთისკენ — ისთ საიდ გალერეისკენ (East Side Gallery) ავიღეთ.

ეს ლოკაცია საოცარ კონტრასტს ქმნის იმ ნაცრისფერ, დამთრგუნველ ბეტონთან, რომელიც წინა დღეს „ტერორის ტოპოგრაფიაში“ ვნახეთ. თუ იქ კედელი დღემდე ტრაგედიისა და დაყოფის სიმბოლოდ დგას, აქ, მდინარე შპრეეს სანაპიროზე, ის სრულად ტრანსფორმირდა. 1990 წელს, რეჟიმის დამხობისა და გერმანიის გაერთიანების შემდეგ, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულმა ასზე მეტმა არტისტმა ეს 1.3-კილომეტრიანი ცივი ბეტონის კედელი თავისუფლების, იმედისა და პროტესტის გიგანტურ ტილოდ აქცია.

ფეხით მიუყვები ამ ღია ცის ქვეშ გაშლილ გალერეას და თვალწინ გეშლება მეოცე საუკუნის ფინალის მთელი ეიფორია. რა თქმა უნდა, გვერდს ვერ ავუვლიდი იმ ყველაზე ცნობილ, გრაფიკულად უკვდავყოფილ კადრს — დიმიტრი ვრუბელის ნამუშევარს „ღმერთო, დამეხმარე გადავრჩე ამ სასიკვდილო სიყვარულს შორის“, სადაც ბრეჟნევისა და ჰონეკერის ძმური ამბორია გამოსახული. ეს ნახატი ცივი ომის პერიოდის აბსურდისა და საბჭოთა გავლენების საუკეთესო, ყველაზე ირონიული ილუსტრაციაა.

კედლისა და გრაფიტების დათვალიერების შემდეგ, გზა მდინარე შპრეეზე გადებულ, წითელი აგურით ნაშენებ ულამაზეს ხიდზე — ობერბაუმბრიუკეზე (Oberbaumbrücke) გავაგრძელეთ. ეს ხიდი ნამდვილი არქიტექტურული საოცრებაა თავისი გოტიკური კოშკურებითა და ორდონიანი კონსტრუქციით, სადაც თავზე ყვითელი მეტროს მატარებლები დაგაყურებენ, ქვემოთ კი მდინარე მიედინება. თუმცა, მისი მთავარი ხიბლი ისევ ისტორიაშია: ცივი ომის დროს ეს ხიდი ორ სრულიად სხვადასხვა სამყაროს ყოფდა — მასზე გადიოდა ოფიციალური საზღვარი საბჭოთა და ამერიკულ სექტორებს შორის და აქ მკაცრი სასაზღვრო გამშვები პუნქტი მოქმედებდა.

ჩვენ მიერ ამ ხიდის ფეხით გადაკვეთა სიმბოლურიც იყო: აღმოსავლეთ ბერლინიდან (ფრიდრიხსჰაინიდან) პირდაპირ დასავლეთ ბერლინის ყველაზე თავისუფალ, ალტერნატიულ და ცოცხალ რაიონში — კროიცბერგში (Kreuzberg) გადავედით. დღეს ეს ხიდი დაყოფის კი არა, ქალაქის სრული გაერთიანების უპირველესი სიმბოლოა.

ხიდზე გადასვლის შემდეგ, დასავლეთ ბერლინის ქუჩებში გავისეირნეთ. კონტრასტი აღმოსავლეთ ნაწილთან შედარებით იმდენად მკვეთრი და თვალსაჩინოა, რომ შეუძლებელია არ შეამჩნიო. თუ აღმოსავლეთ ბერლინი თავისი განიერი, გრანდიოზული გამზირებითა და ტიპური, ერთფეროვანი საბჭოთა პანელური არქიტექტურით დღემდე ინახავს სოციალისტურ კვალს, დასავლური ნაწილი სრულიად სხვა ენერგიას ასხივებს.

აქ ქუჩები ბევრად უფრო მყუდროა, შემორჩენილია ომამდელი ევროპული სახლების ლამაზი, ავთენტური ფასადები, მწვანეში ჩაფლული შიდა ეზოები და ის კაპიტალისტური, ალტერნატიული თავისუფლების სული, რომელიც ათწლეულების განმავლობაში დასავლურ ანკლავში ყალიბდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ერთიანი ქალაქია, არქიტექტურული კოდი მაინც უშეცდომოდ გკარნახობს, თუ სად გადიოდა ისტორიული წყალგამყოფი ორ სრულიად განსხვავებულ იდეოლოგიურ სამყაროს შორის.

დასავლეთ ბერლინის ქუჩებში ამ შთამბეჭდავი სეირნობის შემდეგ, ჩვენი შემდეგი გაჩერება გერმანიის სახელმწიფოებრიობისა და არქიტექტურის უმთავრესი ცენტრი — რაიხსტაგის გუმბათი (Reichstag) იყო. ეს ადგილი უბრალოდ აღმაფრთოვანებელია! აქ ისტორია და თანამედროვეობა საოცრად ერწყმის ერთმანეთს. ჩემთვის, როგორც ისტორიის მოყვარულისთვის, ორმაგად საინტერესო იყო იმის გააზრება, რომ ცივი ომის დროს გამყოფი ხაზი და ბერლინის კედელი ზუსტად აქვე, რაიხსტაგსა და ბრანდენბურგის კარიბჭეს შორის გადიოდა.

თავად ისტორიულ შენობაზე აღმართული გიგანტური მინის გუმბათი ნამდვილი ფუტურისტული შედევრია. მასში ასვლა სრულიად უფასოა, თუმცა ერთი უმნიშვნელოვანესი ნიუანსია: უსაფრთხოების მკაცრი ზომებიდან გამომდინარე, შენობაში ასასვლელად აუცილებელია წინასწარი ონლაინ რეგისტრაციის გავლა. მე ეს ბილეთები წინასწარ მქონდა დაჯავშნილი, ამიტომ რიგებში დრო საერთოდ არ დაგვიკარგავს.

პრაქტიკული რჩევა მეგზურისთვის

თუ ბერლინში მოგზაურობას გეგმავთ, რაიხსტაგის გუმბათზე ასასვლელად წინასწარი ჯავშანი რამდენიმე კვირით ადრე გააკეთეთ, რადგან ადგილები სწრაფად ივსება. რეგისტრაციის გავლა შეგიძლიათ გერმანიის ბუნდესტაგის ოფიციალურ პლატფორმაზე: Bundestag Online Registration.

შიგნით შესვლისას სპეციალური ლიფტით პირდაპირ შენობის სახურავზე ადიხარ, საიდანაც გუმბათის შიდა, საოცარ სპირალისებურ ასასვლელს მიუყვები ზემოთ. კონსტრუქცია მთლიანად შუშისაა, რაც სრულ თავისუფლებას გაძლევს – შეგიძლია ნებისმიერ წერტილში დიდხანს გაჩერდე (არავინ გაჩქარებს) და ბერლინის ულამაზესი პანორამული ფოტოები გადაიღო. ცენტრში აღმართული სარკეებიანი კონუსი მზის შუქს ირეკლავს და პირდაპირ ბუნდესტაგის სხდომათა დარბაზს აწვდის.

გუმბათიდან ბერლინის 360-გრადუსიანი ხედი იშლება — ხელისგულზე ჩანს ტირგარტენის პარკი, ბრანდენბურგის კარიბჭე და ქალაქის თანამედროვე კვარტლები. ყველაზე გენიალური კი ამ არქიტექტურის ფილოსოფიაა: ხალხი ფიზიკურად პოლიტიკოსების თავზე დგას, რაც სიმბოლურად იმას ნიშნავს, რომ დემოკრატიულ გერმანიაში უზენაესი ძალაუფლება სწორედ ხალხს ეკუთვნის.

რაიხსტაგის ამ ღია, შუშის არქიტექტურული აღფრთოვანებიდან და თავისუფლების შეგრძნებიდან სულ რამდენიმე ნაბიჯში კი ბერლინის ალბათ ყველაზე მძიმე და დამთრგუნველი ადგილი — ჰოლოკოსტის მემორიალი (Denkmal für die ermordeten Juden Europas) გველოდა.

ეს არის უზარმაზარი სივრცე, სადაც 2711 სხვადასხვა სიმაღლის ნაცრისფერი ბეტონის ბლოკია აღმართული. კომპლექსს არ გააჩნია არანაირი წარწერა, სახელი თუ სიმბოლო. ფეხით შედიხარ ამ მონოლითურ ლაბირინთში და პირველივე მეტრებიდან გეუფლება საზარელი, დამთრგუნველი შეგრძნება. რაც უფრო ღრმად შედიხარ, მიწა მით უფრო დაბლა მიდის, ბეტონის ცივი კედლები შენს თავზე მაღლდება, ქალაქის ხმაური უცებ ქრება და აბსოლუტურ, ჩაკეტილ იზოლაციაში აღმოჩნდები.

აქ არქიტექტურა ყოველგვარი სიტყვების გარეშე, ფიზიკურ დონეზე გაგრძნობინებს იმ უსუსურობას, შიშსა და გზააბნეულობას, რაც მეორე მსოფლიო ომის დროს მილიონობით უდანაშაულო ადამიანის ტრაგედიას ახლდა თან. ეს არის სიჩუმის საოცარი და ძალიან მძიმე მემორიალი, რომელიც გონებიდან დიდხანს არ ამოდის.

ჰოლოკოსტის მემორიალის ამ მიწისზედა, ბეტონის ლაბირინთიდან გამოსულები, მიწისქვეშეთში ჩავედით და მივაშურეთ ჩრდილოეთის სადგურს – ნორდბაჰნოფს (Nordbahnhof). ეს იყო გაჩერება, რომლის ნახვაც ჩემთვის ამ მოგზაურობის ერთ-ერთი მთავარი მიზანი გახლდათ, რადგან სწორედ აქ ცოცხლდება ცივი ომის პერიოდის ყველაზე მისტიკური და დრამატული ფენომენი – „მოჩვენება-სადგურები“ (Geisterbahnhöfe), სადგურები, სადაც დრო გაჩერდა.

1961 წელს ბერლინის კედლის აშენებამ ქალაქის მიწისქვეშა სატრანსპორტო სისტემაც ორად გახლიჩა. თუმცა, შეიქმნა გეოგრაფიული აბსურდი: დასავლეთ ბერლინის რამდენიმე ხაზს ქალაქის ერთი ნაწილიდან მეორეში მოსახვედრად უნდა გაევლო აღმოსავლეთ ბერლინის, ანუ საბჭოთა სექტორის მიწისქვეშა ტერიტორია. გდრ-ის ხელისუფლებამ ეს მიწისქვეშა სადგურები სრულად ჩაკეტა, შესასვლელები აგურით ამოაშენა, შუქები გამორთო და შიგნით შეიარაღებული მესაზღვრეები დააყენა. დასავლური მატარებლები ამ ჩაბნელებულ, ნესტიან, ცარიელ სივრცეებს ყოველგვარი გაჩერების გარეშე, ნელი სვლით გადიოდნენ. დასავლელი მგზავრები ვაგონის ფანჯრებიდან ხედავდნენ ნახევრად ჩაბნელებულ პლატფორმებს, სადაც ათწლეულების განმავლობაში ძველი, ომამდელი სარეკლამო პლაკატები ეკიდა, დრო გაჩერებულიყო და სიბნელიდან მხოლოდ გდრ-ელი ჯარისკაცების ავტომატების ლულები პრიალებდა. სწორედ ამიტომ შეერქვათ მათ „მოჩვენება-სადგურები“.

დღეს ნორდბაჰნოფის სადგურში ამ საოცარი ისტორიის მუდმივი გამოფენაა მოწყობილი. პლატფორმებსა და კედლებზე გამოფენილია უნიკალური დოკუმენტური ფოტოები, ნახაზები და იმ ადამიანების ისტორიები, რომლებიც ამ მიწისქვეშა გვირაბებიდან, პირდაპირ ლიანდაგებზე სირბილით ცდილობდნენ დასავლეთში გაქცევას (ზოგიერთმა ეს სიცოცხლის ფასადაც კი გააკეთა).

აქ დგომისას, როდესაც შენს გვერდით თანამედროვე მატარებლები ჩვეულებრივად ჩარბიან, ტანში ჟრუანტელი გივლის იმის გააზრებაზე, თუ რა ხდებოდა ამავე კედლებს შორის სულ რაღაც რამდენიმე ათწლეულის წინ. ეს არ არის უბრალო მუზეუმი — ეს არის მოქმედი სადგური, სადაც ყოველდღიური მგზავრობა და ისტორიის უმძიმესი დრამა ერთმანეთშია გადაზელილი.

ნორდბაჰნოფის მიწისქვეშა გვირაბებიდან ამოსულებმა, ბერლინის კიდევ უფრო იზოლირებულ და საზარელ ისტორიულ შრეში გადავინაცვლეთ. ჩემი მეგობრის რჩევით, წავედით ადგილას, რომელიც ბერლინის სტანდარტულ, პოპულარულ ტურისტულ მარშრუტებში იშვიათად ხვდება — შტაზის მუზეუმში (Stasi-Museum), რომელიც ლიხტენბერგის რაიონში მდებარეობს. და სწორედ ეს აღმოჩნდა მოგზაურობის ყველაზე დამთრგუნველი, თუმცა უმთავრესი გაჩერება.

ეს გიგანტური, რუხი, ტიპური საბჭოთა არქიტექტურის კომპლექსი ოდესღაც აღმოსავლეთ გერმანიის სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს შტაბ-ბინას წარმოადგენდა. „შტაზი“ — ეს იყო რეჟიმის სადაზვერვო და რეპრესიული მანქანა, რომელიც ფაქტობრივად ნაცისტური გესტაპოს პირდაპირ სამართალმემკვიდრედ და მის კიდევ უფრო დახვეწილ, ტოტალურ ვერსიად იქცა. გესტაპო თუ ღია ფიზიკური ტერორით მოქმედებდა, შტაზიმ ადამიანების ფსიქოლოგიური განადგურებისა და თვალთვალის უმაღლეს, მეცნიერულ დონეს მიაღწია.

მუზეუმში შესვლისას პირველივე წამებიდან გეუფლება საბჭოთა, ნაცრისფერი ნესტისა და პარანოიის ატმოსფერო. ყველაფერი ხელუხლებლადაა დატოვებული: ორიგინალური ხალიჩები, იაფფასიანი ხის პანელები კედლებზე და ძველმოდური ტელეფონები. განსაკუთრებით შთამბეჭდავია უშიშროების სამინისტროს დირექტორის, ერიხ მილკეს სამუშაო კაბინეტი და მინისტრების პავილიონები — იქაური მოკრძალებული, მაგრამ ცივი ფუფუნება კარგად აჩვენებს იმ რეჟიმის ბუნებას.

თუმცა, ნამდვილი შეძრწუნება ექსპონატების დათვალიერებისას მოდის. საკუთარი თვალით ნახულობ საწამებელ ოთახებსა და საკნებს, სადაც ადამიანების ნებას ტეხდნენ; კედლებში, საათებში, ტანსაცმლის ღილებში, ჰალსტუხებში ჩამონტაჟებულ ფარულ კამერებსა და უამრავ მოსასმენ აპარატურას. აქვეა გამოფენილი კონსპირაციული ბინების დეტალური სქემები და რუკები, სადაც შტაზის აგენტები ფარულად ხვდებოდნენ ინფორმატორებს. სპეციალური ქილებიც კი ვნახეთ, რომლებშიც ინახავდნენ დაკითხული ადამიანების ტანსაცმლის ნაჭრებს სუნის ნიმუშებით, რათა შემდგომში ძაღლებს ისინი იოლად ეპოვათ.

შტაზის ჰყავდა 90 000-ზე მეტი ოფიციალური თანამშრომელი და თითქმის 200 000 არაფორმალური აგენტი (ინფორმატორი). ეს ნიშნავდა, რომ ყოველი რამდენიმე ადამიანისგან შემდგარ ჯგუფში ერთი აუცილებლად შტაზის აგენტი იყო — მეგობარი აბეზღებდა მეგობარს, ქმარი — ცოლს, მეზობელი — მეზობელს.

მუზეუმში გამოფენილია ალბათ ყველაზე სიმბოლური ექსპონატი — შტაზისთვის მიცემული ყველაზე ბოლო, სასოწარკვეთილი ბრძანება. 1989 წლის ნოემბერში, ბერლინის კედლის დანგრევისა და რეჟიმის კოლაფსის შემდეგ, მათ მიიღეს დავალება, რომ სასწრაფოდ, უკვალოდ გაენადგურებინათ საიდუმლო აგენტურის მთელი დოკუმენტაცია და ე.წ. „მტრის შესახებ“ არსებული ინფორმაცია. ამ უზარმაზარ შტაბ-ბინაში დღე და ღამე, 24/7-ზე გადაუღებლივ მუშაობდა ქაღალდების გასანადგურებელი სპეციალური მანქანები. როცა აპარატურა გადაიწვა, ოფიცრები ხელით ხევდნენ ფურცლებს… მაგრამ მათ დრო არ ეყოთ. 1990 წლის იანვარში გერმანელმა ხალხმა შეძლო ამ დაცულ შენობაში შეჭრა, შტურმით აღება და მილიონობით უნიკალური მასალის გადარჩენა. სწორედ ასე, საკუთარი დანაშაულების მტკიცებულებებზე ხელდაჭერილი, სამარცხვინოდ დასრულდა საბჭოთა ხელისუფლების ამ უმძიმესი რეპრესიული ორგანოს ისტორია.

შტაზის ამ დამთრგუნველი, პარანოიკული სამყაროდან როცა გამოვედით, ჰაერის ღრმად ჩასუნთქვაც კი დაგვჭირდა. ამდენი ფეხით სიარულისა და უმძიმესი ინფორმაციული წნეხის შემდეგ, ქალაქისთვის სულ სხვა მხრიდან უნდა შეგვეხედა. ჩავჯექით მდინარის კრუიზში და მდინარე შპრეეზე გემით გავისეირნეთ.

წყლიდან დანახული ბერლინი სულ სხვაგვარად მშვიდი და დიდებულია. გემი აუჩქარებლად მიჰყვება ტალღებს, შენ კი გემბანზე ზიხარ და უყურებ, როგორ მონაცვლეობს სამთავრობო კვარტლის ულამაზესი, ფუტურისტული შენობები, ძველი ხიდები და მუზეუმების კუნძულის გრანდიოზული ხედები. მდინარის გრილმა ნიავმა და წყლის ხმაურმა მთელი დღის განმავლობაში დაგროვილი ისტორიული წნეხი სრულად გაფანტა და საოცარი სიმშვიდე მოგვგვარა.

მესამე საღამო კი, უკვე ტრადიციადქცეული, უცვლელი სცენარით დავაგვირგვინეთ — ვახშამი კვლავ ჰოფბრაუში მოვაწყვეთ. ბერლინის ქუჩებში გატარებული ყოველი ასეთი მძიმე, კონტრასტული და ინფორმაციით სავსე დღის შემდეგ, ეს ხმაურიანი ბავარიული ლუდის სახლი ჩვენთვის უკვე მყუდრო თავშესაფრად იქცა, სადაც ცივი კათხითა და გემრიელი ტრადიციული კერძებით მოგზაურობის კიდევ ერთი საოცარი ფურცელი გადავშალეთ.

დღე მეოთხე: პრუსიული დიდება, პოტსდამის კურიოზი და მეგობრული ფინალი ბერლინში

ბერლინში ჩვენი მოგზაურობის მეოთხე დღე სრულიად განსხვავებულ, დიდებულ ისტორიულ ქალაქს — პოტსდამს (Potsdam) დავუთმეთ. სასტუმროდან გამოვედით და ჩვენს ნაცნობ ალექსანდერპლაცის სადგურს მივაშურეთ.

სწორედ აქ გადაგვხდა თავს ერთი საკმაოდ კურიოზული და საინტერესო თავგადასავალი. წინასწარ, Google Maps-ში გადავამოწმე, რომ პოტსდამის მიმართულებით რეგიონალური მატარებელი — RE1 მიდიოდა. ბაქანზე მდგომმა, ძალიან არ დავაკვირდი საინფორმაციო ტაბლოს, სადაც ჩვენი მატარებლის ჩამოდგომის დრომ რამდენიმე წუთით გადაიწია, DB-ის (გერმანიის რკინიგზის) სამსახურმა კი განრიგში უცებ სხვა რეისი ჩასვა. მოკლედ, ყოველგვარი ეჭვის გარეშე, შეცდომით RE7 ხაზის მატარებელში ავედით.

მგზავრობისას ყოველთვის წინასწარ ვადევნებ ხოლმე თვალს რუკას, რათა ზუსტად ვიცოდე, სად ვიმყოფები. როდესაც მატარებელმა აშკარად ჩაუარა და გვერდი აუარა პოტსდამის ცენტრალურ სადგურს, მაშინვე მივხვდი, რომ რაღაც აირია. ბევრი არ გვიფიქრია, პირველივე სადგურზე ჩამოვედით — ეს აღმოჩნდა ძალიან პატარა, წყნარი და მყუდრო გერმანული დაბა, სახელად მიჩენდორფი (Michendorf). თუმცა, დიდხანს არ დავბნეულვართ; ტექნოლოგიების წყალობით, იქვე სწრაფად მოვძებნე ალტერნატიული გამოსავალი — აღმოჩნდა, რომ ადგილობრივი მუნიციპალური ავტობუსით სულ რაღაც 15 წუთში პირდაპირ პოტსდამის ცენტრალურ სადგურში (Potsdam Hauptbahnhof) მივიდოდით. ასეც მოვიქეცით და ძალიან მალე ჩვენს სასურველ წერტილში აღმოვჩნდით.

პოტსდამის ცენტრალურ სადგურში ჩამოსვლისთანავე პირველი, რაც გავაკეთეთ — ადგილობრივი მუზეუმების ერთიანი აბონემენტი (Potsdam Museum Pass) შევიძინეთ, რაც ამ ქალაქის მასშტაბების გათვალისწინებით საუკეთესო გადაწყვეტილებაა.

პრაქტიკული რჩევა მეგზურისთვის

თუ ბერლინიდან პოტსდამში აპირებთ წამოსვლას, აუცილებლად შეიძინეთ ბერლინ ველქამ ქარდის (Berlin WelcomeCard) ABC ზონის ბილეთი. ეს ზონა პოტსდამსაც სრულად ფარავს, რაც ნიშნავს, რომ მატარებლებით, ავტობუსებითა და ტრამვაით მგზავრობა აქაც სრულიად უფასო გექნებათ. გარდა ამისა, ეს ბარათი პოტსდამის წამყვან მუზეუმებსა და სასახლეებში შესასვლელად საკმაოდ ფასდაკლებებსაც იძლევა.

სადგურიდან მუნიციპალური ავტობუსით პირდაპირ პოტსდამის მთავარი სიამაყის — ლეგენდარული სანსუსის სასახლისა და პარკის (Schloss Sanssouci) კომპლექსისკენ წავედით. ფრანგულად „Sans Souci“ ნიშნავს „დარდს გარეშე“ და ფრიდრიხ დიდმა ეს ადგილი ზუსტად იმიტომ ააშენა, რომ ყოველდღიური სახელმწიფოებრივი საზრუნავისგან შორს, ხელოვნებასა და სიმშვიდეში ჩაფლულიყო.

იქაურობამ უბრალოდ მოგვაჯადოვა — ყველაფერი საოცრად შთამბეჭდავი, გრანდიოზული და სანახაობრივი აღმოჩნდა. განსაკუთრებით თვალწარმტაცია თავად სასახლის წინ გადაშლილი ვენახის ცნობილი მწვანე ტერასები, რომლებიც საფეხურებად ეშვება დიდ შადრევნამდე. მუზეუმების ბარათის წყალობით შიდა სივრცეებიც სრულად დავათვალიერეთ: როკოკოს სტილის ოქროსფერი, დახვეწილი დარბაზები, მეფის პირადი ბიბლიოთეკა და ნახატების გალერეა. ფეხით შემოვიარეთ უზარმაზარი პარკიც, სადაც ყოველ ნაბიჯზე ულამაზესი ქანდაკებები, ჩინური ჩაის სახლი და სხვა პატარა, საიდუმლო პავილიონები გვხვდებოდა.

სანსუსის ამ დიდებული სამყაროდან გამოსულებმა კი გეზი ცივი ომის კიდევ ერთი საკულტო ეპიცენტრისკენ — გლინიკეს ხიდისკენ (Glienicker Brücke) ავიღეთ, რომელსაც მთელი მსოფლიო „ჯაშუშთა ხიდის“ (Bridge of Spies) სახელით იცნობს. როგორც ისტორიის მოყვარულისთვის, ამ ადგილის ნახვა ჩემთვის კიდევ ერთი განსაკუთრებული ემოცია იყო.

მდინარე ჰაფელზე გადებული ეს მწვანე რკინის კონსტრუქცია ცივი ომის დროს ორ სრულიად დაპირისპირებულ ბანაკს ყოფდა: ხიდის ერთი მხარე დასავლეთ ბერლინს (ამერიკულ სექტორს) ეკუთვნოდა, მეორე კი — აღმოსავლეთ გერმანიას (საბჭოთა გავლენის ზონას). სწორედ აქ, ამ უხმოდ გაყინულ საზღვარზე, ათწლეულების განმავლობაში ამერიკული და საბჭოთა სპეცსამსახურები სრულიად საიდუმლოდ ცვლიდნენ ერთმანეთში ჩავარდნილ უმაღლესი რანგის აგენტებსა და შპიონებს. ხიდზე ფეხით გადასვლისას თითქოს ფიზიკურად გრძნობ იმ პერიოდის დაძაბულობასა და მისტიკას. თვალწინ გიდგება კადრები, თუ როგორ იდგნენ აქ, ნისლიან და ცივ ამინდში, ორივე მხარის შეიარაღებული სამხედროები და როგორ წყდებოდა მსოფლიო დონის საიდუმლო ჯაშუშების ბედი.

ამ კინემატოგრაფიული გაჩერების შემდეგ კი პოტსდამის სრულიად სხვა, საოცრად მყუდრო და ფერად მხარეს — ჰოლანდიურ კვარტალს (Holländisches Viertel) მივაშურეთ. ეს არის XVIII საუკუნეში წითელი აგურით ნაშენები სახლების უნიკალური უბანი, რომელიც თავისი არქიტექტურით უცებ პირდაპირ ამსტერდამის გულში გადაგისვრის.

კვარტლის დათვალიერების შემდეგ იქვე, ფეხით სავალ მანძილზე, კიდევ ერთ საოცარ არქიტექტურულ მონუმენტს წავაწყდით — პოტსდამის საკუთარ ბრანდენბურგის კარიბჭეს (Brandenburger Tor). საინტერესო და ბევრისთვის უცნობი ისტორიული ფაქტია, რომ ეს კლასიკური რომაული ტრიუმფალური თაღი მთელი ორი ათწლეულით უფროსია ბერლინის ლეგენდარულ, გლობალურ სახელოვან კარიბჭეზე. ფრიდრიხ დიდმა ის შვიდწლიან ომში გამარჯვების ნიშნად ააგო და მისი დიდებულება დღესაც აოცებს მნახველს.

ამ ულამაზეს ქუჩებში სეირნობამ მოგზაურობის დასკვნით საათებს სრული სიმშვიდე და სიმსუბუქე შესძინა. აქვე, ერთ-ერთ მყუდრო კაფეში ჩამოვჯექით, სადაც უგემრიელესი ყავა და ახლად გამომცხვარი, სურნელოვანი ვაფლი შევუკვეთეთ ტკბილი კენკრით. ეს იყო იდეალური, გემრიელი და ძალიან თბილი ფინალი პოტსდამური ვოიაჟისა.

საღამოს პოტსდამიდან ისევ ბერლინში დავბრუნდით. დილანდელ შეცდომაზე უკვე კარგად ვისწავლე და ამჯერად საინფორმაციო ტაბლოსაც და ლიანდაგზე შემომდგარ მატარებელსაც განსაკუთრებული ყურადღებით დავაკვირდი, სანამ ვაგონში ავიდოდი.

დღის ბოლოს კი, რა თქმა უნდა, გვერდი ვერ ავუარეთ ჩვენს ტრადიციადქცეულ წესს და ვახშამი ისევ ჰოფბრაუში მოვაწყვეთ. ამ რამდენიმე დღეში იქაურ გარემოსა და რესტორნის პერსონალს იმდენად დავუმეგობრდით, რომ კარში შესვლისთანავე ღიმილით და თბილი „გამარჯობა, მეგობარო!“-თი შემოგვეგებნენ. ასეთ გიგანტურ და ხმაურიან ქალაქში ამხელა სითბოსა და ნაცნობი ადამიანების პოვნა საოცარი შეგრძნებაა. ამ სასიამოვნო ნოტაზე დავასრულეთ მეოთხე დღე.

დღე მეხუთე: გამოსამშვიდობებელი აკორდი მუზეუმების კუნძულზე და უნტერ დენ ლინდენის დიდებულება

ბერლინში ჩვენი მოგზაურობის ბოლო, მეხუთე დღე გათენდა. ვინაიდან შინ გასაფრენი რეისი მხოლოდ საღამოს გვქონდა, გადავწყვიტეთ, ეს ძვირფასი საათები ქალაქის იმ გულისთვის დაგვეთმო, რომელმაც პირველივე დღეს მოგვაჯადოვა. დილით სასტუმროდან გამოვედით და კვლავ მუზეუმების კუნძულს მივაშურეთ, ამჯერად ერთი კონკრეტული და უმნიშვნელოვანესი მიზნით — ბერლინის საკათედრო ტაძრის (Berliner Dom) შიგნიდან დათვალიერება გვინდოდა.

პირველივე დღეს, როდესაც მის წინ, ლუსტგარტენის მწვანე გაზონზე ვისხედით, ტაძრის გრანდიოზულმა გუმბათმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, თუმცა მისი შიდა სამყარო კიდევ უფრო მონუმენტური და სანახაობრივი აღმოჩნდა. შიგნით შესვლისას სივრცის მასშტაბი და დახვეწილობა უბრალოდ გაცბუნებს. კედლები მორთულია ულამაზესი მოზაიკით, ოქროსფერი ორნამენტებითა და ბიბლიური სცენების ამსახველი ვიტრაჟებით, საიდანაც მზის შუქი ტაძარში მისტიკურად იღვრება.

განსაკუთრებით შთამბეჭდავია გიგანტური, ლეგენდარული Sauer-ის ორღანი, რომელიც თავისი 7000-ზე მეტი მილით ნამდვილი ხელოვნების ნიმუშია. აქვე, ტაძრის მიწისქვეშა კრიპტაში ჩავედით, სადაც ჰოენცოლერნების დინასტიის — პრუსიის მეფეებისა და პრინცების მდიდრული სარკოფაგებია დასვენებული. ეს არის ადგილი, სადაც გერმანიის საუკუნოვანი ისტორიული დიდება ფიზიკურად ხელშესახები ხდება.

ტაძრის შიდა სივრცეებისა და საძვალის დათვალიერების შემდეგ კი, გადავწყვიტეთ ბერლინისთვის კიდევ ერთხელ, ამჯერად უკვე გამოსამშვიდობებელი რაკურსით შეგვეხედა და ბერლინერ დომის გიგანტურ გუმბათზე ავიღეთ გეზი. ეს აღმოჩნდა საკმაოდ რთული, თუმცა თავგადასავლებით სავსე გზა: ზემოთ ასასვლელად ზუსტად 270 საფეხურის დაძლევა მოგვიწია. რაც უფრო მაღლა ადიხარ, კიბეები მით უფრო ვიწროვდება და ბოლო მონაკვეთში საკმაოდ ჩაკეტილ, ვიწრო, წრიულ დერეფნებში გიწევს გავლა.

მნიშვნელოვანი გაფრთხილება მეგზურისთვის 

თუ ბერლინის საკათედრო ტაძრის გუმბათზე ასვლას გადაწყვეტთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ თქვენი ფიზიკური შესაძლებლობები. ვისაც ჯანმრთელობა არ უწყობს ხელს, უჭირს ფეხით სიარული ან დახურული, ვიწრო სივრცეების შიში (კლაუსტროფობია) აქვს, ამ ასვლას ნამდვილად არ ვურჩევ — დერეფნები საკმაოდ ვიწრო და სპეციფიკურია.

თუმცა, მათთვის, ვინც ამ გზას ბოლომდე გაივლის, ჯილდო უზარმაზარია. გუმბათის გარე პლატფორმაზე გასვლისთანავე მთელი ბერლინი ხელისგულზე გეშლება. აქედან იდეალურად ჩანს ტელეკოშკა, მუზეუმების კუნძულის დანარჩენი დიდებული შენობები, მდინარე შპრეე და ქალაქის უსასრულო ჰორიზონტი. ამ გრილ ნიავზე დგომა და ზემოდან ქალაქის ყურება საუკეთესო გამოსამშვიდობებელი აკორდი აღმოჩნდა.

ტაძრიდან ჩამოსვლის შემდეგ კი, ჩვენი ბოლო საათები ისტორიულ ბულვარზე — უნტერ დენ ლინდენზე (Unter den Linden) ხეტიალს დავუთმეთ, სადაც ქალაქის კულტურული და განათლების მთავარი კერებია თავმოყრილი.

გზად შევიარეთ ნოიე ვახეს (Neue Wache) მემორიალში — ომისა და ტირანიის მსხვერპლთა ცენტრალურ მონუმენტში. ეს არის სრულიად ცარიელი, შიშველი დარბაზი, რომლის ცენტრშიც კეტი კოლვიცის გენიალური სკულპტურა „დედა გარდაცვლილ შვილთან ერთად“ დგას. ჭერზე დატოვებული ღია წრის გამო, ქანდაკებას პირდაპირ ეცემა წვიმა, თოვლი და სიცივე, რაც ამ ტრაგედიის შეგრძნებას ფიზიკურად ხელშესახებს ხდის.

იქვე ახლოს არქიტექტურული დიდებულებით აღფრთოვანებულებმა დავათვალიერეთ ბერლინის სახელმწიფო ოპერის (Staatsoper) შენობა, რომელიც თავისი კლასიკური ფასადით ნამდვილი ხელოვნების ტაძარია. განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ძველი და ახალი ბიბლიოთეკების შენობების არქიტექტურული კონტრასტი. იქვე, ბებელის მოედანზე, ამაყად დგას პრუსიის მეფის, ფრიდრიხ დიდის გრანდიოზული საცხენოსნო მონუმენტი, რომელიც თითქოს დღესაც მეთვალყურეობს მის მიერ დაარსებულ ამ საგანმანათლებლო და კულტურულ კვარტალს. მის პირდაპირ აღიმართება ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი (Humboldt-Universität zu Berlin). ბერლინის ამ უძველეს უნივერსიტეტს, სადაც თავის დროზე აინშტაინი, ჰეგელი, პლანკი და მარქსი მოღვაწეობდნენ, საოცარი აკადემიური აურა აქვს.

ამ ულამაზეს ქუჩებში ბოლო გასეირნებამ, სადაც ყოველი შენობა ევროპული განმანათლებლობისა და დიდი ისტორიის მოწმეა, ჩვენს მოგზაურობას საოცარი ესთეტიკური წერტილი დაუსვა.

ამის შემდეგ სასტუმროში დავბრუნდით, ბარგი ავიღეთ და დაიწყო ნებისმიერი მოგზაურობის სტანდარტული, რუტინული ნაწილი: ცენტრალური სადგური, მატარებელი, აეროპორტი, რეგისტრაცია და ფრენა ვენაში გადაჯდომით. თუმცა, ამ გრძელი გზის ბოლოს გველოდა ყველაზე ტკბილი მომენტი — სამშობლოში დაბრუნება და საკუთარი სახლის კარის შეღება. მიუხედავად იმისა, რომ ევროპა უზომოდ მიყვარს, მისი თავისუფლების სულით, წესრიგითა და არქიტექტურით ყოველთვის აღფრთოვანებული ვარ, საკუთარ სამშობლოში დაბრუნებას მაინც სულ სხვა, შეუცვლელი სიმყუდროვე და ბედნიერება მოაქვს. თბილისში დავბრუნდით, მაგრამ გულში სამუდამოდ დარჩება ბერლინის ეს დაუვიწყარი, კონტრასტული, მძიმე და ამავდროულად უთბილესი მოგონებებით სავსე 5-დღიანი მოგზაურობა.

ეპილოგი: ისტორიის გაკვეთილები

ბერლინისა და პოტსდამის ამ 5-დღიანმა მოგზაურობამ კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რომ ტურიზმი მხოლოდ ლამაზი ფასადებისა და გემრიელი კერძების აღმოჩენა არ არის. ეს არის უდიდესი ისტორიული ლაბირინთი, სადაც რეჟიმების დაცემა, კედლების ნგრევა და ადამიანური ტრაგედიები ერთმანეთშია მჭიდროდ გადახლართული.

გერმანიის იმპერიის პირველი კანცლერი, ოტო ფონ ბისმარკი ამბობდა:

„ისტორია გვიჩვენებს, რომ ჩვენ ისტორიიდან არაფერს ვსწავლობთ.“

თუმცა, ბერლინის ქუჩებში სეირნობისას, სადაც ყოველი ნატყვიარი კედელი და ყოველი ნაცრისფერი ბეტონის ბლოკი მეხსიერების შენარჩუნებას ემსახურება, ხვდები, რომ ეს ქალაქი ჯიუტად ცდილობს ბისმარკის ამ სკეპტიკურ სიბრძნეს შეებრძოლოს. ბერლინი არ მალავს თავის იარებს — ის მათ ღიად გიჩვენებს, რათა წარსულის შეცდომები აღარასოდეს განმეორდეს.

სწორედ ამ უძვირფასესი ისტორიული გაკვეთილებითა და თავისუფლების მძაფრი შეგრძნებით, ნებისმიერი შორეული გზის მთავარი აზრი ხომ სწორედ ის წამია, როცა საკუთარ სახლში სრულიად სხვა ადამიანი ბრუნდები — ბევრად უფრო მდიდარი, უფრო გამოცდილი და ახალი შთაგონებით სავსე.

სასარგებლო ბმულები და რეკომენდაციები:

Related posts

600 ევრომდე კომპენსაცია ფრენებზე – როგორ მივიღო?

დრეზდენი 1 დღეში – გზამკვლევი ქალქის გასაცნობად

5-დღიანი მოგზაურობა პარიზში – რჩევები და რეკომენდაციები