მთავარი მოგზაურობა ტრანსფერი თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტი?

ტრანსფერი თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტი?

by Kakha Mchedlidze
0 კომენტარი

ფეისბუკზე ხალხი ხან ბოვედან პარიზში ტრანსფერს დაეძებს, ზოგიც ათენის აეროპორტიდან ცენტრში ტაქსით მისვლას ცდილობს და ასე შემდეგ. მოთხოვნა ყოველთვის მიწოდებას განაპირობებს და პარიზში უკვე გამოჩნდა ქართველი მძღოლი, რომელიც ბოვეს აეროპორტის მგზავრებს ემსახურება. ერთი მძღოლი ყველას ვერ გაწვდება, ამიტომ ბევრი არც თუ უმნიშვნელო თანხას ხარჯავს აეროპორტის ტაქსებში.

რამდენად საჭიროა ტრანსფერი აეროპორტიდან, როდის და რა შემთხვევაში სჯობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა და რომელი უფრო ეკონომიურია? განვიხილოთ სხვადასხვა ვარიანტები.

ბოვეს აეროპორტი – პარიზი

ბოვეს აეროპორტიდან პარიზში ტრანსფერის საკითხი მას შემდეგ გახდა მეტად აქტუალური რაც ქუთაისიდან პარიზის მიმართულებით ავიარეისების განხორციელება დაიწყო დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია WizzAir-მა.

  1. როგორც ყველაფერი, ასევე ტაქსით ტრანსფერი ბოვედან პარიზში არის ძვირი აღმოსავლეთ თუ ცენტრალური ევროპის ქალაქებთან შედარებით. მოკლედ ბოვეს აეროპორტიდან პარიზში ჩასვლა ავტომობილით მინიმუმ 100 ევრო დაგიჯდებათ. თუ Uber-ით ისარგებლებთ შეიძლება 10-15 ევროთი იაფი დაგიჯდეთ რაშიც ამ გვერდიდან რეგისტრირება დაგეხმარებათ.
  2. ბოვედან პარიზში ავტომობილით მგზავრობა მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს გამართლებული თუ მაგალითად 3 კაციანი ჯგუფი მოგზაურობთ. ასეთ შემთხვევაში 100 სამ ნაწილად გაიყოფა და დაახლოებით 33 ევროს გადახდა მოგიწევთ, რაც ავტოკომფორტის მოყვარულთათვის მიუწვდომელი თანხა არ არის. თანაც მეტროს ბილეთის შეძენა და მეტროს ლაბირინთებში გარკვევა არ მოგიწევთ. ერთი ან ორი კაცის შემთვევაში ეკონომიაზე ფიქრი არ გამოგივათ.
  3. ავტობუსით მგზავრობა კი, რომელიც პარიზის მეტროს სადგურთან მიგიყვანთ დაახლოებით 16-17 ევრო ჯდება და განსაკუთრებით მოსახერხებელია 1-3 კაცის მოგზაურობისას. ამ ტრანსფერის შესახებ საუბარი მაქვს სპეციალურ პოსტში: ქუთაისიდან პარიზში ბოვეს გავლით
  4. თუ კი 5-7 კაციანი ჯგუფი მოგზაურობთ, ამ შემთხვევაში ავტობუსით მგზავრობას და შემდეგ მეტროში გადაჯდომას, რომლის ერთი ბილეთი დაახლოებით 2 ევრო ღირს, აჯობებს ტრანსფერისთვის მიკროავტობუსის დაჯავშნა სპეციალურ საიტზე – kiwitaxi.com – ასეთი ტრანსფერი დაახლოებით 130 ევრო ჯდება.

ჩემს შემთხვევაში (3 კაცი), ბოვედან პარიზში ჩასასვლელად ვისარგებლე ავტობუსით. საერთო დანახარჯი, ავტობუსი+მეტრო შეადგენს 50 ევროს, რაც მნიშვნელოვანი დანაზოგია თუ გავითვალისწინებთ ტაქსის მინიმალურ საფასურს 100 ევროს.

მაგრამ საზოგადოებრივი ტრანსპორტით ეკონომია შეიძლება სულაც ვერ მოახერხოთ სხვა ქალაქში, მაგალითად არანაკლებ ძვირიან მილანში.

მალპენსას აეროპორტი – მილანი

მილანში გამგზავრების წინ დავიწყეთ ტრანსპორტის ფასების ძიება და აღმოჩნდა, რომ აეროპორტიდან ქალაქამდე ავტობუსის ბილეთი 8 ევრო ღირს. 4 ადამიანის შემთხვევაში საერთო ღირებულება 32 ევრო პლუს მეტროს ან საზოგადოებრივი ტრანსპორტის საფასური 4 კაცზე (ერთი ბილეთი 1,5 ევრო) 6 ევრო და სულ გამოვიდა 40 ევრო.  მაშინ როდესაც Airbnb-ზე დაჯავშნული ბინის მფლობელმა აეროპორტიდან ტრანსფერი 50 ევროდ შემოგვთავაზა. ბუნებრივია არჩევანი ტრანსფერზე შევაჩერეთ. არც ავტობუსში ბარგის ტარება, შემდეგ მეტროში გადაჯდომა და ბინამდე ბარგთან ერთად ფეხით მისვლა აღარ დაგვჭირდა. აი ამიტომაც ყოველთვის რეკომენდაციას ვუწევ Airbnb-ს. რაც შეეხება ტაქსის, მისი ფასი აეროპორტიდან მილანის ცენტრამდე 90-100 ევროს ფარგლებშია.

ვაცლავ ჰაველის აეროპორტი – პრაღა

პრაღა ჩემთვის მშობლიური ქალაქივითაა და იქ ტაქსით გადაადგილება ვერც კი წარმომიდგენია. თუმცა, პრაღას ისეთი საზოგადოებრივი ტრანსპორტი აქვს, რომ იქ ტაქსებში და ტრანსფერებში ფულის ხარჯვა დანაშაულიც კი არის. ადრე, ერთი-ორჯერ მომიწია პრაღის აეროპორტიდან ტაქსით მგზავრობა და საცობებში გატარებული დროით ნამდვილად ვერ ვისიამოვნე. თან ამაში მინიმუმ 600 კრონის, დაახლოებით 70 ლარის გადახდა ნამდვილად ზედმეტი ხარჯია. Uber ცოტა იაფი დაგიჯდებათ დაახლოებით 400 კრონი – 45 ლარი. ასე რომ პრაღაში ჩასვლისას პირდაპირ მიადექით ავტობსების გაჩერებას. საზოაგადოებრივი ტრანსპორტის ერთჯერადი ბილეთი 32 კრონი დაახლოებით 4 ლარი დაგიჯდებათ.

თუ როგორ უნდა ისარგებლოთ პრაღის საზოგადოებრივი ტრანსპორტით აღწერილი მაქვს სპეციალურ პოსტში: პრაღის ტრანსპორტი: მეტრო, ტრამვაი, ავტობუსი. პრაღიდან ასევე ულამაზეს ქალქში გადავინაცვლოთ.

ფერენც ლისტის აეროპორტი – ბუდაპეშტი

ბუდაპეშტში ვიზეარის ავიარეისით პირველად ჩასვლისას უკვე ვიცოდი, რომ ავტობუსით უნდა მესარგებლა. თუ როგორ უნდა იმგზავროთ აეროპორტიდან ქალქის ცენტრში იხილავთ ჩემს სპეციალურ პოსტში: როგორ ვიმგზავროთ ბუდაპეშტში

მეორედ ჩასვლისას, მთელს ოჯახთან და შესაბამის ბარგთან ერთად პირდაპირ 200E ავტობუსის ბილეთები ვიყიდეთ ისე რომ სხვა ვარიანტებზე ბევრი არც გვიფიქრია. ავტობუსში უამრავი ადამიანი ამოვიდა, ხოლო მის ცენტრში ბორბლებიანი ჩემოდნების შეკავება ისე რომ სხვებს არ დაეჯახოს არ არის იოლი საქმე, მითუმეტეს, რომ ავტობუსი საგრძნობლად ჯაყჯაყებს და ირწევა. ამ ძალისხმევის შემდეგ მეტროს სადგურში ასასვლელ კიბეებზე ვისიამოვნეთ და შემდეგ მეტროდან ბინამდე ბარგის ტარებაში. მოკლედ საერთო დანახარჯმა 2800 ფორინტი შეადგინა, ანუ დაახლოებით 28 ლარი.

ამ დროს ტრანსფერის ორგანიზება 25-30 ევროს ფარგლებშია რაც 4 ადამიანის შემთხვევაშ ნამდვილად არ არის ისეთი თანხა, რომლის დაზოგვაზეც ფიქრი ღირს.

სხვა ქალაქების გამოცდილებაც დამიგროვდა და ბუნებრივია ერთი უნივერსალური ფორმულა არ არსებობს. მოკლედ ტრანსფერის სახეობის არჩევისას უნდა იხელმძღვანელოთ ეკონომიკური მიზანშეწონილობის პრინციპით და არა ფეისბუკმრჩეველების დაშტამპული აზრებით.

ასევე, მოგზაურობის დროს ეკონომიისთვის გამოიყენეთ სასტუმროებისა და აპარტამენტების საძიებო სისტემები, რომლებიც საუკეთესო ვარიანტების მოძიებაში დაგეხმარებათ: https://www.hotelscombined.com

ქვევით, კომენტარებში დაწერეთ თქვენი გამოცდილების შესახებ, რომლის გათვალისწინება სხვებს დისკომფორტისგან და ზედმეტი ხარჯებისგან იხსნის.

0 კომენტარი
0

სხვა მასალები