მთავარი მოგზაურობა მოგზაურობა სტამბოლში პანდემიის პირობებში

მოგზაურობა სტამბოლში პანდემიის პირობებში

by კახა მჭედლიძე

მოგზაურობა სტამბოლში ყველაზე რთულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაშიც კი შესაძლებელი იყო და მითუმეტეს ახლა სირთულეს არ წარმოადგენს.

თურქეთი ყოველთვის ღია რჩებოდა ტურისტებისთვის, მათ შორის ქართველი ტურისტებისთვის. თუმცა ჯერ კიდევ წლის დასაწყისში, საქართველოს მესაზღვრეები თურქეთში გამგზავრებისთვის სამუშაო ან სამკურნალო მოწვევას ითხოვდნენ. ავიამიმოსვლის აღდგენამ ეს რეგულაციები ჯერ ფორმალობად აქცია, მოგვიანებით კი ხელოვნური შეზღუდვების მოთხოვნა ოფიციალური საიტებიდან გაქრა. ახლა სტამბოლში მოგზაურობა თავისუფლად და რაც მთავარია საკმაოდ იაფად შეიძლება.

 

მოგზაურობა სტამბოლში იწყება იაფი ავიაბილეთებით

მიუხედავად კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული საფრთხეებისა, შეუძლებელია იაფმა ავიაბილეთებმა სტამბოლში მოგზაურობისკენ არ გიბიძგოს. ამჟამად ორმხრივი ბილეთის შეძენა შესაძლებელია 74 ევროდ (283 ლარი). თუმცა სულ რაღაც ერთი თვის წინ ორმხრივი ბილეთი 36 ევროდაც (143 ლარი) კი იყო. ეს უფრო იაფია ვიდრე სახმელეთო გზით, ავტობუსით მგზავრობა. საქართველო-თურქეთის სახმელეთო საზღვარი 1 ივნისიდან გაიხსნა.

ავიაბილეთები შევიძინე kiwi.com -ზე. ეს არის საძიებო სისტემა, რომელიც ყველაზე საუკეთესო (დაბალ) ფასს შემოგთავაზებთ, თქვენ მხოლოდ თარიღები უნდა მიუთითოთ და სისტემა თავად აირჩევს ავიაკომპანიებს დაბალი ფასის მიხედვით. სწორედ ამიტომ მოხდა, რომ თბილისიდან Anadolujet-ით (თურქეთის ავიახაზების კომპანია) გავფრინდით, ხოლო უკან Pegasus-ით დავბრუნდით. მე რომ ბილეთები მაგალითად პეგასუსის საიტზე შემეძინა უფრო მეტის გადახდა მომიწევდა, რადგან თბილისიდან მგზავრობის საფასური უფრო მაღალი ჰქონდა ვიდრე ანადოლუჯეტს.

Anadolujet-ის თვითმფრინავი Boeing 737

kiwi.com-მა კი კომბინირებული ბილეთი მოამზადა, თბილისიდან ერთი ავიაკომპანიით უკან კი მეორეთი დავბრუნდით. ეს ყოველთვის ასე არ არის ხშირად ერთი და იგივე ავიაკომპანიის ბილეთებს შემოგთავაზებთ.

ეს სისტემა იმითაც არის კარგი, რომ გაფრენამდე ორი დღით ადრე თავად აკეთებს “ჩეკინს”, რეისზე რეგისტრაციას და მეილზე მიიღებთ თვითმფრინავში ჩასხდომის ბილეთებს, ე.წ. “ბორდინგ პასს”. სხვაგვარად, ბილეთები, რომ კონკრეტული ავიაკომპანიის საიტზე შემეძინა, რეგისტრაციაც ცალ ცალკე უნდა გამევლო. 

აი ასე გამოიყურება კომბინირებული ბილეთი

მოგზაურობა სტამბოლში პანდემიის პირობებში - მე მოგზაური

მოკლედ, kiwi.com კარგი და სანდრო სისტემაა, წლების წინ ჩეხეთში შექმნეს და სტაბილურად ვითარდება. 

იაფი ავიაბილეთებისა და სტამბოლის მონატრების გარდა, ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც მოგზაურობა სტამბოლში ოჯახის წევრებთან ერთად გადავწყვიტე იყო COVID-19-ის რეგულაციების სიმარტივე.

 

მოგზაურობა სტამბოლში კოვიდრეგულაციების პირობებში

ამჟამად, თურქეთში ვიზიტისთვის საქართველოს მოქალაქეს სჭირდება მგზავრობამდე ბოლო 72 საათის მანძილზე გაკეთებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხი (უკრაინის, ესტონეთის და კიდევ რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეებს PCR ტესტიც არ მოეთხოვებათ). ან ბოლო 48 საათის მანძილზე გაკეთებული ანტიგენის ტესტი. ან კიდევ კოვიდვაქცინაციის ცნობა. წესები ხშირად იცვლება, ამიტომ აქტუალური ინფორმაცია გადაამოწმეთ თურქეთის მთავრობის ოფიციალურ საიტებზე.

ასევე, გამგზავრებამდე საჭიროა თურქეთის სამთავრობო საიტზე სპეციალური ფორმის შევსება, რომელიც მოგანიჭებთ სპეციალურ HES კოდს.

შედეგ ფოტოებზე ნაჩვენებია HES კოდის მისაღებად სპეციალური ფორის შევსების ყელა ეტაპი

HES კოდის მეშვეობით თურქეთის ჯანდაცვის უწყებას საშუალება აქვს ტურისტის გადაადგილების მარშრუტი და კონტაქტები დაადგინოს თუ მას კორონავირუსი აღმოაჩნდება. ამიტომ HES კოდს მოითხოვენ თვითმფრინავში ჩასხდომამდე და უკვე სტამბოლში საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისას, სავაჭრო ცენტრებში თუ მუზეუმებში შესვლისას.

 

სტამბოლი ტურისტებისთვის

თურქეთში კომენდანტის საათი 1 ივლისიდან გაუქმდება. თუმცა ის ტურისტებზე ისედა არ ვრცელდებოდა. მიუხედავად ქუჩებში სამხედროებისა და პოლიციის სიმრავლისა სტამბოლში ყოფნისას, ლოკდაუნის პირობებში, მხოლოდ ერთხელ გაგვაჩერეს, ისიც ტაქსით მგზავრობისას. როგორც კი შეიტყვეს, რომ ტაქსი ტურისტებს ემსახურებოდა, მძღოლის საბუთების შემოწმების გარეშე გაგვატარეს.

ტრამვაი, სტამბოლი

სტამბოლში მოგზაურობისას გირჩევთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობას, რადგან როგორც ყველა დიდ ქალაქში ტაქსი ძვირია, განსაკუთრებით მაშინ თუ სტამბოლის ცნობილ საცობებში და ხერგილებში აღმოჩნდებით. თუმცა, „უბერი“ და სხვა მსგავსი აპლიკაციები ამ სერვისს ნაწილობრივ აიაფებს, მაინც საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ტრამვაით, გემებით, ფუნიკულიორითა და მეტრო-ავტობუსებით მგზავრობას გირჩევთ, რადგან ეს სტამბოლის ნამდვილ ღირსშესანიშნაობის ნაწილია.

ისტიკლალის (დამოუკიდებლობის) გამზირის ისტორიული ტრამვაი, რომელიც ტაქსიმის მთავარ მოედანს „თუნელთან“, მიწისქვეშა, ასევე ისტორიულ ფუნიკულიორთან აკავშირებს, სტამბოლის ერთ-ერთ მთავარი სიმბოლოა.

იმისთვის, რომ სტამბოლის საქალაქო ტრანსპორტით მგზავრობა შეძლოთ აუცილებელია სპეციალურ ავტომატში შეიძინოთ ბარათი „ისტანბულკარტი“, რომელიც 10 ლირა (3,83 ლარი) ღირს. ამავე აპარატით ხდება ბარათის შევსებაც. შემდეგ ეტაპზე თქვენი სატრანსპორტო ბარათი და HES კოდი სპეციალურ ვებგვერდზე უნდა დაუკავშიროთ ერთმანეთს. რის გარეშეც ტრანსპორტით სარგებლობას ვერ შეძლებთ.

კიდევ ერთი ლოგისტიკური საკითხი სასტუმროს ან აპარტამენტის დაჯავშნაა. მათი ფასები 40-50 ლარიდან იწყება. თუმცა მე სამი ადამიანის ერთად საცხოვრებლად შევარჩიე სასტუმროს აპარტამენტი 35 ევროს (140 ლარი) ფარგლებში. საცხოვრებლის ძიებისას ფასთან ერთად ვიხელმძღვანელე სატრანსპორტო კვანძთან მისი სიახლოვის მიხედვით, რა თქმა უნდა ერთ-ერთ ცენტრალურ „სულთან აჰმედის“ უბანში, იქ სადაც აია სოფია და ცისფერი მეჩეთია

ხედი აპარტამენტის ფანჯრიდან
ხედი აპარტამენტის ფანჯრიდან

ეს არის ხედი აპარტამენტის ფანჯრიდან კაფე-რესტორანზე, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა და ხელმისაწვდომი ფასები აქვს.

სასტუმრო აპარტამენტის დაქირავებამ სულთან აჰმედის უბანში იმითაც გაამართლა, რომ მიუხედავად შეზღუდვებისა კაფე-რესტორნები ღამით და შაბთ-კვირასაც მუშაობდნენ.

ასევე, თქვენ მიერ შერჩეულ სასტუმროს აუცილებლად მოჰკითხეთ ტრანსფერი აეროპორტიდან, რადგან სასტუმროები მას გაცილებით იაფად შემოგთავაზებენ, ვიდრე ავტომობილის დაქირავება დაგიჯდებათ, და კიდევ უფრო იაფი ვიდრე ტაქსით მგზავრობაა. 

ლოგისტიკური საკითხებიდან გადავიდეთ ღირშესანიშანობებზე.

 

მუზეუმები და სანახაობები

პანდემიის გამო მუზეუმების ნაწილი დახურულია, მაგალითად „ცისტერნა ბაზილიკა“ – წყლის მიწისქვეშა რეზერვუარი, თუმცა ძირითადი სანახაობები ტურისტებისთვის ხელმისაწვდომია.

პირველ რიგში სტამბოლის კიდევ ერთი მთავარი სიმბოლო „აია სოფია“, რომელიც მეჩეთად გამოცხადების შემდეგ ტურისტებისთვის უფასო სანახაობად იქცა. მაგრამ, გულდასაწყვეტია, რომ ვეღარ შეძლებთ ღვთისშობლის მოზაიკური ფრესკის ხილვას, რომელიც აია სოფიაში მუსულმანური რიტუალების დაბრუნების შემდეგ ფარდებს მიღმა აღმოჩნდა.

აია სოფიას მსგავსად სპეციალური ბილეთი არ არის საჭირო სხვა რელიგიური საკულტო ნაგებობების მოსანახულებლად.

და თუ მაინც მეგზური გესაჭიროებათ, რომელიც დეტალების ახსნასთან ერთად სხვა მნიშვნელოვან ადგილებსაც გაჩვენებთ, გირევთ ონლაინ ბილეთების წინასწარ დაჯავშნას.

გარდა რელიგიური ძეგლებისა, სტამბოლში ჩასული ტურისტის „წმინდათა წმინდა“ ვალია „თოფქაპის“ (სათოფე) სასახლის დათვალიერება, რომელიც მეცხრამეტე საუკუნემდე ოსმალეთის იმპერიის მმართველ სულთანთა სასახლე-კომპლექსსი იყო. ის ახლა ორ ნაწილად არის გაყოფილი და პირველის მონახულება კიდეც რომ არ გინდოდეთ მეორე ნაწილის, ჰარემის ბილეთს ცალკე ვერ შეიძლენთ. საქმე იმაშია, რომ ამ მუზეუმის ბილეთი საკმაოდ ძვირია, სრული ბილეთი 360 ლირა, 135 ლარი ღირს. მართალია პირველი ნაწილში შესვლა 200 ლირაა, მაგრამ აქ მხოლოდ სულთანთა სასახლის სამზარეულოს, საათების კოლექციისა და წმინდა ირინეს ტაძრის დათვალიერებას შეძლებთ.

სულთანთა ყოფის ამსახველი ექსპონატები და ფუფუნების საგნები კი მეორე ნაწილში, „ჰარემში“ გადაიტანეს, რომელიც სულ ახლახანს გაიხსნა რეკონსტრუქციის შემდეგ.

თოფქაფისგან განსხვავებით უფრო ხელმისაწვდომია სულთანთა უფრო ახალი სასახლე „დოლმაბაღჩე“, რომელის ულამაზესი ბაღებისა და დარბაზების მოსანახულებელი ბილეთი 150 ლირა, ანუ 56 ლარი ღირს. სასახლის ინტერიერის ფოტოგადაღება აკრძალულია და მას მკაცრად აკონტროლებენ, ამიტომ ტურისტები ძირითადად სასახლის ექსტერიერისა და განსაკუთრებული ხედების ფოტოგრაფირებით კმაყოფილდებიან.

ჩემთვის განსაკუთრებულ სანახაობას წარმოადგენს გალათას კოშკი, რომელთანაც სტამბოლის პირველი ნაცნობობის შთაბეჭდილებები მაკავშირებს. გალათას კოშკიდან სტამბოლის ულამაზესი ხედები იშლება და მის ფოტოზე აღბეჭდვას თავის მოვალეობად მიიჩნევს სტამბოლში ჩასული ტურისტების უმრავლესობა.

ამ კოშკს უკავშირდება ლეგენდა, პირველი საკონტინენტთაშორისო ფრენის შესახებ. ოსმალელი ისტორიკოსის და მოგზაურის ევლია ჩელების სეიაჰათნამეს (მოგზაურობის წიგნი) თანახმად, 1630-1632 წლებში გალათას კოშკიდან, ჰეზარფენ აჰმედ ჩელებიმ ხელოვნური ფრთების გამოყენებით ბოსფორის სრუტეს გადაუფრინა და სტამბოლის აზიურ მხარეს დაეშვა.

გალათას კოშკზე ასვლა სულ რაღაც 30 ლირა, ანუ 11 ლარი დაგიჯდებათ.

ასევე ინსტაგრამის ფოტოსესიების მოყვარულებს გირჩევთ მოინახულეთ ფერადი სახლების ქუჩები. ერთი ასეთ ცნობილი ადგილია “ბალატის” უბანში და სტამბოლის აზიურ ნაწილში “კუზკუნჯუკის” რაიონს, რომელიც პოპულარული თურქული სერიალების გადაღების ადგილია. 

სტამბოლში სასურათე ადგილებს და მუზეუმებს რა დალევს, დაწყებული ორჰან ფამუქის „უმანკოების მუზეუმიდან“ და დამთავრებული ქალწულის კოშკით, ძალიან ძნელია ერთ მოგზაურობაში და ერთ ბლოგში ჩაატიო. მაგრამ შეუძლებელია არ აღინიშნოს სტამბოლის კიდევ ერთი მთავარი ღირშესანიშნაობა – ვაჭრობა.

 

ბაზრები და ბაზრობები

სტამბოლში უნდა ივაჭრო, ვისაც ეს მოსწონს და ეხერხება, თითქმის ყველა სასურველ ნივთსა და პროდუქტს ნახევარფასად შეიძენს. გრანდბაზარი და ეგვიპტური ბაზარი მთავარი ტურისტული სანახაობაა (გაითვალისწინეთ, რომ შაბათ-კვირას ლოკდაუნის გამო დახურულია). მაგრამ არანაკლებ საინტერესო აღმოჩნდა სტამბოლის აზიურ ნაწილში გახსნილი ბაზარი, რომელსაც ძირითადად ადგილობრივები იყენებენ. აქ შესაძლებელია თურქეთში დამზადებული ცნობილი ბრენდების ტანისამოსისა და აქსესუარების ძალიან იაფად შეძენა. პროცესს თან ახლავს სტამბოლის ვაჭრების გამორჩეული კოლორიტი.

 

ბაზრების გარდა სტამბოლის სავაჭრო ცენტრები და ობიექტები ცალკე ღირშესანიშნაობას წარმოადგენს. 70-80 პროცენტიანი ფასდაკლებების სავაჭრო ცენტრი „ვენეცია“ და აზიურ ნაწილში ხარის ძეგლთან მოწყობილი სავაჭრო ქუჩები ხელცარიელს არავის ტოვებს.

ტურისტების განსაკუთრებული ინტერესის კიდევ ერთ მიმართულებას სტამბოლის კულინარია წარმოადგენს. მაგრამ ამჯერად კორონავირუსის პანდემიის გამო კვების ობიექტების ნაწილი დახურული იყო. შესაბამისად გასტრონომიული ტურიზმის სრულფასოვანი მიმოხილვა არ გამოვა, მაგრამ საკუთარი გამოცდილებიდან გირჩევთ სანაპიროზე „ბალეკ ეკმეკის“ თევზის „შაურმის“ (20 ლირა) და კაბადოკიური კერძის, თიხის ქოთანში მომზადებული ქებაბის (140 ლირა) დაგემოვნებას.

 

თურქული ჩაი, ყავა და ტკბილეული კი სტამბოლის გემოს შეგრძნებას კიდევ უფრო გაამძაფრებს და თქვენს მოგზაურობას წარუშლელ მოგონებად აქცევს.

თურქული ჩაი

 

 

რეკომენდაციები:

  • მუზეუმების ბილეთების საიტი: Tiqets
  • დაბალფასიანი საცხოვრებელი შეგიძლიათ დაჯავშნით Airbnb-ზე.
  • თუ სასტუმროებს დაეძებთ, მაშინ ეწვიეთ სასტუმროების ფასების საძიებო და შესადარებელ სისტემას: hotelscombined.com

სხვა მასალები